უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტს ეწვია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა, რათა კვირას დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარი დაუჭიროს. ჯეი დი ვენსს აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.


ორბანი იმედოვნებს, რომ ვენსის ვიზიტი საკმარის შთაბეჭდილებას მოახდენს გადაუწყვეტელ უნგრელ ამომრჩევლებზე. 

როგორც ცნობილია, ორბანის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა.


12 აპრილის არჩევნები ორბანის თითქმის 40-წლიანი პოლიტიკური კარიერის ურთულეს გამოწვევად ითვლება. 2010 წლიდან მან ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო. დღევანდელი ვიზიტის შესახებ სიიარტომ განაცხადა, რომ "ეჭვგარეშეა, რომ ეს უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების ოქროს ხანაა" და რომ 1991 წლის შემდეგ, ეს უნგრეთში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის პირველი ვიზიტია და აშშ-ის უმაღლესი დონის ვიზიტი 2006 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს.


„როგორც ვიცი, ერთ კვირაში უნგრეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს. ეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არ არის. მაგრამ, მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.


მან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით ვიქტორ ორბანის მიერ გაწეული სამუშაო შეაქო.


ვენსის თქმით, ორბანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ის ლიდერები არიან, რომლებიც ამ დამანგრეველი კონფლიქტის დასასრულებლად ყველაზე მეტს აკეთებენ.“


„თქვენი ლიდერობა მშვიდობის მიღწევისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და თქვენ გაცილებით კონსტრუქციული პარტნიორი ხართ, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ნებისმიერი მსოფლიოს სხვა წერტილში,“ - მიმართა ვენსმა ორბანს.


კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა აშშ უნგრეთის სხვა მთავრობასთან, ვენსმა უპასუხა, რომ დიახ, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანი გაიმარჯვებს. 

ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა უნგრეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, Tisza-ს ლიდერი პეტერ მადიარი.

"არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში - ის იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე. ხუთი დღე დარჩა!" - წერს მადიარი სოციალურ ქსელში. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.