ვაშინგტონში, აშშ-უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭო დაარსდა

უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საიდა მირზიოევა [უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის შვილი] 7 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ვაშინგტონში სამუშაო საუზმის ფორმატში შეხვდა. 


უზბეკური მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს აშშ–უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭოს ბოლო შეხვედრის შედეგები და აღნიშნეს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების პორტფელის გაფართოება.


საიდა მირზიოევამ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა რუბიოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში ოფიციალურად ამოქმედდა აშშ–უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭო, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად.


ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. 


„ეს სტრუქტურა [საბჭო] გახდება ეფექტიანი პლატფორმა უზბეკეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბიზნეს კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის. ამას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტების გადამწყვეტი პოლიტიკური ნება,“ - დაწერა მირზიოევამ Telegram-ზე.


საიდა მირზიოევამ ასევე გამართა შეხვედრა საბჭოს თანათავმჯდომარესთან სერჯიო გორთან, რომლის დროსაც მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.


თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სერხიო გორი უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საიდა მირზიოევას შეხვდნენ.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ტომი პიგოტის განცხადებით, შეხვედრის მიზანი აშშ–უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იყო.


მარკო რუბიომ და საიდა მირზიოევამ ნაყოფიერი დისკუსია გამართეს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ გზებზე, რაც მოიცავს კრიტიკული მინერალების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებს. 


„შეერთებული შტატები მიესალმება უზბეკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების, ორმხრივად სასარგებლო კომერციული და უსაფრთხოების პარტნიორობის გაძლიერების; უზბეკეთის სუვერენიტეტისა და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის შესაძლებლობას,“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


უზბეკური მედიის ცნობით, საიდა მირზიოევამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან განიხილა უზბეკეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი.


საიდა მირზიიოევამ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უზბეკეთის გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერისთვის.


უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდა მირზიოევა ასევე შეხვდა აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს ბენ ბლეკს. მხარეებმა პროექტების ფართო პორტფელი და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.