ზელენსკი: უკრაინა მტკიცედ დგას, რათა ომის შემდეგ მეხუთე აღდგომა პირველი მშვიდობიანი აღდგომით შეიცვალოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაიანის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ უკრაინელ ხალხს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

კიევის სოფიის ტაძარში ჩაწერილი მიმართვის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკი ციტირებს ფრაგმენტს ძველი აღთქმიდან (ფსალმუნი 45:5-6):


“ღმერთი ქალაქის შუაგულშია და ის არ შეიძვრის - ეს სიტყვები ამოტვიფრულია აქ, ჩვენი ორანტის თავზე, ჩვენს დიდ სოფიაში და ამ სიტყვებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ უკვე ათას ხუთას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში, სადაც შეურყეველია ჩვენი უკრაინა, ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ხალხი და ჩვენი რწმენა. <…> ეს ბრძოლა ყველასთვის რთულია. განსაკუთრებით ასეთ მღელვარე დროში, როცა გეჩვენება, რომ მსოფლიო უფსკრულისკენ მიექანება და არავინ იცის, როგორი იქნება ხვალ. ასეთ მომენტებში სწორედ აღდგომა და მისი მნიშვნელობები გვიკარნახებს, როგორ არ ჩამოვუშვათ ხელები, სად ვიპოვოთ სინათლე, რომ გზა არ აგვებნეს.”


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკვე მეხუთე წელია, რაც უკრაინა იბრძვის მედგრად ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად.


„ჩვენ გადავლახეთ ეს ზამთარი. ყველაზე რთული ჩვენს ისტორიაში. მაგრამ მან წააგო, ჩვენთან წააგო. სიცივემ სამარცხვინოდ უკან დაიხია და გაზაფხული ვიხილეთ და დღეს ერთად აღვნიშნავთ ჩვენს აღდგომას. ზედიზედ მეხუთე წელია,  ჩვენ ამას ვაკეთებთ ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად, რომელიც ჩვენს მიწას გარს ახვევია - უკრაინელები ყოველთვის უკრაინელებად რჩებიან და ამას ვერანაირი ომი ვერ წაშლის. ამიტომ, აღდგომის ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის ოჯახთან, საკუთარი სახლის სითბოსთან და მასში ბავშვების სიცილთან არის დაკავშირებული. იმისთვის, რომ ეს სიცილი ისმოდეს, ათასობით უკრაინელი ფრონტზე იცავს უკრაინას და საკუთარ ოჯახებს.


რაც უნდა მუქი ღრუბლები გადაეფაროს ცას, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობასა და ოჯახურ ტრადიციებს. ყოველწლიურად ვემზადებით, ვაგროვებთ სააღდგომო კალათას, ვხატავთ „პისანკებს”, ვაცხობთ კულიჩებს, ვრთავთ სახლს, ვრგავთ ხეებსა და ყვავილებს. და ეს ყველაფერი საერთოდ არ არის მხოლოდ საჭმელსა თუ დეკორზე — ეს არის ხალხზე, რომელიც ისწრაფვის, რომ ირგვლივ სიცოცხლე ყვაოდეს.


და სწორედ ეს არის ის შინაარსი, რომლითაც ჩვენთვის შევსებულია აღდგომა. ასე იყო ყველა საუკუნეში, რომელთა განმავლობაშიც დგას ჩვენი სოფია. ასეა დღესაც, როცა „უკრაინა მტკიცედ, ჯიუტად და ურყევად დგას. იცის ვისთვის და რისთვის. რათა ომის შემდეგ მეხუთე აღდგომა პირველი მშვიდობიანი აღდგომით შეიცვალოს. მთელ ჩვენს მიწაზე, მთელი ჩვენი ხალხისთვის. როდესაც აღდგომის ზარებს განგაშის სირენები არ შეწყვეტს. როდესაც ზამთარი და ყველა ბოროტება ჩვენი მიწიდან გაქრება და ყველა დაელოდება თავის ახლობლებს - ფრონტიდან, ტყვეობიდან, ოკუპაციისგან. ამისთვის ბრძოლა ღირს და ჩვენ ამას უკვე 1509 დღეა ვაკეთებთ. აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი რწმენა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - მშვიდობის ომზე გამარჯვების რწმენა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.