„ჩვენ თავს შევიკავებთ ნებისმიერი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ჩვენ იგივეს ვითხოვთ ყველა ქვეყნისგან უნგრეთის შემთხვევაში,“ - უნგრეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში სამსაათიანი პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს პასუხობდა.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოსა და საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების შესახებაც.
ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მადიარმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, სიამოვნებით ეწვევა თბილისს და რომ უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის დიდი ხნის მეგობრობაა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობაშია გამოხატული, რას უნდა ველოდოთ თქვენგან? გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას საქართველოსთან და იქნება თუ არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან“? მიმართა მადიარს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა.
„ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან.“
„ზოგადად, მინდა, ვთქვა. ის, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას რომელიმე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთის ურთიერთობები “ტისას” მთავრობის დროს გაუარესდება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თუ უნგრეთსა და კონკრეტულ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცუდი იყო, ახლა ისინი გაუმჯობესდება. ვფიქრობ, ყველას ინტერესებშია, რომ მშვიდობიანად ვიმუშაოთ ერთად ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მისაღწევად,“ - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერმა.
მანვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას.
„ძალიან მოხარული ვიქნები, რომ თუ თბილიში ან სხვაგან გესტუმრებით და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე. ეს ჩვენი სტილი არ არის და არ მგონია, რომ ეს ჩვენი საქმე იყოს, არც რომელიმე ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობის. ყველა იმისთვის არის არჩეული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხალხს და დაეხმაროს მათ განვითარებაში“ - აღნიშნა მადიარმა.
უკრაინა
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული მადიარი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. მისი შეფასებით, „აბსოლუტურად აბსურდულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ.“
მადიარმა ასევე განაცხადა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე განცხადებით, უნგრეთს სურს მეგობრული ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მათ შორის, უკრაინასთან, და მიანიშნა, რომ მზად იქნებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა აიძულონ, მიიღოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კიევს ტერიტორიების დათმობას მოსთხოვს.
„უკრაინა ამ ომის მსხვერპლია. ეს ყველამ იცის. უკრაინას არავინ უნდა უთხრას, რა პირობებში მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჩვენ არ შეგვიძლია, მოვთხოვოთ რომელიმე ქვეყანას თავისი ტერიტორიის დათმობა. თუ ამას ვინმე გააკეთებს, მათ მოღალატეებად ჩათვლიან.“
გაყინული სახსრები
მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაყინული სახსრების უზრუნველყოფა მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რადგან ევროკომისიამ უნგრეთისთვის გამოყოფილი 27 მილიარდი ევროდან 17 მილიარდი ევრო შეაჩერა.
მადიარმა განაცხადა, რომ მას ოთხპუნქტიანი გეგმა აქვს უნგრეთისთვის ევროკავშირის სახსრების გამოყოფის შესახებ შეთანხმების მისაღწევად და უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მადიარმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეაფასებს ევროზონაში გაწევრიანებას, რაც მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება იყო. მანვე განმარტა, რომ გაწევრიანების თარიღის დანიშვნამდე, მათ ჯერ ბიუჯეტის მდგომარეობის შესწავლა და სწრაფი კონსულტაციების ჩატარება დასჭირდებათ.
რუსული ნავთობი
მაგიარმა განაცხადა, რომ პრიორიტეტს მიანიჭებს ყველაზე იაფად ხელმისაწვდომ ნავთობს.
„რუსეთი აქ რჩება, უნგრეთი აქ რჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვასხვავებთ რესურსებს. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ნავთობს რაც შეიძლება იაფად და უსაფრთხოდ.“
მაგიარმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს და რომ ამ შეტყობინებას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ გადასცემს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. მისი თქმით, რუსეთი უნგრეთისა და ევროპისთვის უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს.
„თუ ვლადიმერ პუტინი დარეკავს, ტელეფონს ავიღებ. თუ ვისაუბრებთ, შემიძლია, ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ოთხი წლის შემდეგ მკვლელობებისა და ომის დასრულება. „ეს ალბათ მოკლე სატელეფონო საუბარი იქნებოდა და არა მგონი, რომ ის ჩემი რჩევით ომს დაასრულებს.“
მიგრაცია
მაგიარმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიგრაციის პაქტს და აპირებს, შეინარჩუნოს ორბანის მთავრობის დროს აშენებული სასაზღვრო ბარიერი. „უნგრეთი ძალიან მკაცრ პოზიციას იკავებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. ის არ მიიღებს არცერთ პაქტს ან განაწილების მექანიზმს და ჩვენ შევინარჩუნებთ სამხრეთ სასაზღვრო ღობეს და შევავსებთ ახლა არსებულ ხვრელებს.“ “უნგრეთს შეუძლია წვლილი შეიტანოს სხვა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში სასაზღვრო დაცვის განლაგებით.“
ევროპა
მადიარმა ხაზი გაუსვა, რომ გუშინ უნგრელმა ხალხმა ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ უნგრეთის ადგილი ევროპაში იყო, არის და იქნება.
უნგრელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა დონალდ ტრამპს მისთვის არ დაურეკავს. მომავალი პრემიერის თქმით, აშშ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც უნგრეთს კარგი ურთიერთობა სჭირდება. მადიარმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს მისთვის არ დაურეკავს, მაგრამ მისი ადმინისტრაცია მზად იქნება სასაუბროდ, თუ თეთრი სახლი დაუკავშირდება.