გერმანული Rhenus Logistics შუა დერეფნის განვითარებას ევროკავშირის პროგრამებით დაუჭერს მხარს

გერმანული ლოგისტიკური კომპანია Rhenus Logistics აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარებაში მონაწილეობას ძირითადად ევროკავშირის ინიციატივების ფარგლებში მიიღებს.


კომპანიის ინფორმაციით, გერმანული ბიზნესი პროექტებში პირდაპირ ჩართვას ნაკლებად გეგმავს და უპირატესობას ანიჭებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Global Gateway, რომელიც სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაერთიანებას უზრუნველყოფს.


„Rhenus Logistics-მა შუა დერეფნის გასწვრივ დაახლოებით რვა პროექტი გამოავლინა განსახორციელებლად:

„ჩვენ სტამბოლსა და ჩინეთს შორის მთელი მარშრუტის გასწვრივ რვამდე პროექტი გამოვავლინეთ - პატარა დეპოებიდან დიდ ტერმინალებამდე. შუა დერეფანს სტრატეგიულ მიმართულებად მივიჩნევთ. მოთხოვნა იზრდება, მათ შორის, რეგიონის შიდა ტრანსპორტირებაზე - მაგალითად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ან ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მარშრუტს დიდი მომავალი აქვს,“ - განაცხადა ალექსანდრა ოგნევამ, Rhenus Logistics-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პროექტის მენეჯერმა, ვებინარზე —„შუა დერეფანი: ბიზნეს შესაძლებლობები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში,“ კითხვის საპასუხოდ.


ოგნევამ აღნიშნა, რომ გერმანული ლოგისტიკური კომპანიები ინტერესს იჩენენ ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირებით და ჩინეთიდან ინვესტორები ამ რეგიონში გაცილებით ფართო მასშტაბით მოქმედებენ.


შუა დერეფანი წარმოადგენს სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციული დერეფნების ალტერნატივას ქმნის. მარშრუტი იწყება ჩინეთში, გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებზე — ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი — შემდეგ კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და საბოლოოდ, ევროპას აღწევს.


ეს მარშრუტი სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელ საზღვაო გზებთან შედარებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზია-ევროპის სატრანსპორტო კავშირების დივერსიფიკაციაში.