1993 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა და ლიბანმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს

BBC


ლიბანმა და ისრაელმა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირდაპირი დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს. იშვიათი შეხვედრის მიზანი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულება იყო.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს იყო „ისტორიული შესაძლებლობა“, რათა „ჰეზბოლას“ გავლენა რეგიონში დასრულებულიყო.

აშშ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ხელახლა შეხვედრაზე, რომლის დროც და ადგილიც მოგვიანებით განისაზღვრება. ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და მათ შორის ბოლო პირდაპირი, მაღალი დონის მოლაპარაკებები 1993 წელს გაიმართა.


სამშაბათს, 14 აპრილს, როდესაც ორივე მხარე ვაშინგტონში ხვდებოდა, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელსა და ისრაელის ჯარებზე ლიბანში, სულ მცირე 24 თავდასხმა განხორციელდა.

ისრაელის განცხადებით, ლიბანში მისი ოპერაციების მიზანია დაჯგუფების განიარაღება და დაშლა, რომელთანაც ისრაელი ასევე იბრძოდა 2023 და 2024 წლებში, როდესაც ღაზის სექტოში ომი მძვინვარებდა.


როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ ტომი პიგოტმა, მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლას“ გავლენის შესამცირებლად იმუშავებენ.


„შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“ განუწყვეტელი თავდასხმებისგან,“ - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები „ლიბანელი ხალხის, კერძოდ კი, სამხრეთის მოსახლეობის ტანჯვის დასასრულის დასაწყისს“ აღნიშნავს.


ლიბანის მთავრობის შესაძლებლობები, დაუპირისპირდეს ჰეზბოლას, შეზღუდულია. მოლაპარაკებების დაწყებამდე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა AP-ს განუცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა ვაშინგტონში მიღწეულ არცერთ შეთანხმებას. მათი ურთიერთობა ლიბანის ცენტრალურ მთავრობასთან სულ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჯგუფი ისრაელსა და ირანს შორის ომში ჩაერთო.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თვის მხრივ, მოუწოდა ისრაელსა და ლიბანს, გამოიყენონ მშვიდობის „ისტორიული შესაძლებლობა.“