Trump organization-ის განცხადებით, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული ახალი Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიები Archi Group-ი, Biograpi Living-ი და Blox Group-ი იქნებიან ჩართულები.
„ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალური ნაწილი იქნება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
პროექტზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს.
მანამდე, The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. The Wall Street Journal-ი ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში. ამჟამად ყველაზე მაღალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „აქსის თაუერსია.“
ინფორმაციას ადასტურებს ბიზნესმენი ილია წულაია - მისი თქმით, „არქი პარტნიორებთან ერთად თბილისში „ტრამპ თაუერს“ ააშენებს.“
„ტრამპ თაუერი საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს! ვამაყობ, რომ მე, როგორც „არქის“ დამფუძნებელი, მონაწილე ვარ ამ ისტორიული მოვლენის,“ - წერს ბიზნესმენი.
Trump Organization-მა 2012 წელს გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში. თუმცა როგორც WSJ წერს, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, სხვა მრავალ უცხოურ გარიგებასთან ერთად, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილება.