აზერბაიჯანის პარლამენტი ევროპარლამენტთან ურთიერთობას წყვეტს

აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა. 


მილი მეჯლისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ერთობლივი საქმიანობით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს, ამ ორგანოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებისთვის მთავარი დაბრკოლება გახდა.


„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისმა 2015 წელს ამ დამოკიდებულების გამო ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა, მოგვიანებით მან მეორე მხარის მრავალი მოწოდებისა და დაპირების საფუძველზე აღადგინა თანამშრომლობა. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტმა არ შეასრულა თავისი დაპირებები და თანმიმდევრულად განაგრძო ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკა, ცილისწამების კამპანია,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ ევროპარლამენტის ამ საქმიანობამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა.


დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მილი მეჯლისმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

„შეჩერდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თანამშრომლობითი ურთიერთობები ევროპის პარლამენტთან ყველა მიმართულებით. შეწყდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის მონაწილეობა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წესდების შესაბამისად, დაიწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ამ ორგანიზაციაში წევრობის შეწყვეტის პროცედურული წესების ამოქმედება და პროცედურის პერიოდში მილი მეჯლისის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებებში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შემავალი „უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები და ამასთან დაკავშირებით მეორე მხარეს პროტესტის ნოტა გადაეცა.“