მოსკოვმა სომხეთის ელჩი გამოიძახა ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ

რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების მტკიცებით, მოსკოვი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ერევანმა ზელენსკის სიტყვები ნეგატიურად არ შეაფასა, რაც ურთიერთობის პარტნიორულ ხასიათს არ შეესაბამება.


„დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს აცნობეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რომ კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ღონისძიების დროს, რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარის გამოსათქმელად ტრიბუნა დაეთმო,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში.


დიპლომატიური წყაროს ცნობით, საუბარი უკიდურესად მკაცრი იყო. არსენიანმა პირობა დადო, რომ შეტყობინებას, რაც მას რუსეთის საგარეო უწყებაში გადასცეს, თავის ხელმძღვანელობას გადასცემდა.


თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა სომხეთ-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებსა და სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი აგრძელებს „ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკის გატარებას.“


„არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება შესაძლებელი ამ პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც ასე სასარგებლოა, როგორც რუსეთისთვის, ასევე  — სომხეთისთვის. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ისინი უფრო სასარგებლოა ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის, ვიდრე ჩვენთვის,“ - განაცხადა უშაკოვმა.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 მაისს უპასუხა შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.


„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს, მე ადრეც გამიკეთებია განცხადებები ამ თემაზე. ჩვენ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ და მე ვთქვი, რომ უკრაინის საკითხში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ალმა-ათის დეკლარაციას, რომლის საფუძველზეც ერევანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესს აწარმოებს.


„თქვენ იცით, რაოდენ მნიშვნელოვანი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ალმა-ათის დეკლარაციას; ჩვენ ვეყრდნობით ამ დეკლარაციას და სწორედ ამ საყრდენზე ვაშენებთ მშვიდობას აზერბაიჯანთან. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანს 4 მაისს ეწვია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადაკრემლში ეშინიათ, რომ დრონები შესაძლოა, წითელ მოედანზეც გამოჩნდნენ.


ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.

„ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.