ანაკლია შესაძლებელია, შავი ზღვის საკვანძო საკონტეინერო ჰაბად ჩამოყალიბდეს, რაც შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის — აზერბაიჯანის რკინიგზა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შავი ზღვისა და შუა დერეფნის უფრო ფართო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ლოგისტიკურ პროექტად იქცეს Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების უფროსის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე შეფასებით, ევრაზიის სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის გაგრძელების პარალელურად, ანაკლიას აქვს პოტენციალი, გააძლიეროს სტრატეგიული კავშირი ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის.


„ანაკლიას საბოლოოდ შეუძლია, უშუალოდ მოემსახუროს უფრო დიდ კონტეინერმზიდ გემებს, როცა შავი ზღვის მრავალი რეგიონული პორტი კვლავ შეზღუდვების წინაშე დგას. ეს ქმნის პოტენციურ სარგებელს, როგორიცაა, კონტეინერების დამუშავების ეფექტიანობის გაზრდა, გადაზიდვების სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება, შავი ზღვა-ევროპის ტვირთების უფრო სწრაფი ინტეგრაცია, რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს შორის მულტიმოდალური კოორდინაციის გაუმჯობესება და რეგიონული მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდა.


შუა დერეფნის პერსპექტივიდან, ანაკლია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი პორტის პროექტი; ის შეიძლება, გახდეს სტრატეგიული დამაბალანსებელი კვანძი აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთების მოცულობის ზრდისთვის, რადგან ტრანსკასპიური დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა აგრძელებს ზრდას და პორტების, რკინიგზისა და საბაჟო სისტემების ინფრასტრუქტურული ზეწოლა გარდაუვლად გაიზრდება. ამ გარემოში, შავი ზღვის მხარეს, დამატებითი საზღვაო სიმძლავრე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხდება,“ - აღნიშნა მამედოვმა.


მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, კასპიის მიმწოდებელ ოპერაციებს, საქართველოს მოდერნიზებული რკინიგზისა და ციფრული საბაჟო ინტეგრაციის სისტემებს შორის სამომავლო სინქრონიზაციამ შეიძლება, მნიშვნელოვნად გააძლიეროს შუა დერეფნის ოპერატიული კონკურენტუნარიანობა.


„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოპოლიტიკური დივერსიფიკაცია. გლობალური მიწოდების ჯაჭვები სულ უფრო მეტად მიმართავენ ალტერნატიულ სავაჭრო დერეფნებს, ამცირებენ ერთმარშრუტიან ლოგისტიკაზე დამოკიდებულებას, იყენებენ მოქნილ მულტიმოდალურ სატრანსპორტო მოდელებს და ეძებენ უფრო სწრაფ ევრაზიულ სატრანზიტო გადაწყვეტილებებს.


ეს ტენდენცია განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის გრძელვადიან სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩემი აზრით, რეგიონულ ლოგისტიკურ არქიტექტურაში ეფექტიანი ინტეგრაციით, ანაკლია შეიძლება, გახდეს შავი ზღვის უდიდესი საკონტეინერო ჰაბი, ასევე, სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირის ზრდის ძირითადი ინფრასტრუქტურული საყრდენი,“ - აღნიშნა მამედოვმა.


მისი შეფასებით, უფრო ფართო კონტექსტში, ანაკლიის მომავალი როლი შეიძლება, გაცილებით გასცდეს მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქციას: „პროექტს აქვს პოტენციალი, შეცვალოს რეგიონული სავაჭრო ლანდშაფტი, გააძლიეროს სატრანზიტო ეკონომიკა და გაზარდოს შუა დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ევრაზიის კონტინენტზე.“


ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის.