„ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნით, ჩვენ დავასრულეთ სომხეთის განბლოკვის პირველი ეტაპი და ახლა გვაქვს სარკინიგზო კავშირი აღმოსავლეთთან და დასავლეთთან.“ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სომხეთის პრემიერის თქმით, ეს პირველი ეტაპია და წინ დიდი პროექტებია, მათ შორის, TRIPP-ის განხორციელება და მეღრის გავლით რკინიგზის განბლოკვა.
„TRIPP ფუნქციონირებას ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპების საფუძველზე დაიწყებს. TRIPP სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და განბლოკვის ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. სიუნიქი მშვიდობის გზაჯვარედინად იქცა,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
„ჩვენ ვემზადებით ახურიკ-აკიაკის რკინიგზის გახსნისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორებმა სომხეთში განაგრძეს ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც შირაქის, ლორის და ტავუშის რეგიონებში გაივლის. რკინიგზის პარალელურად, მალე დავიწყებთ მაგისტრალის მშენებლობას. ეს გახდება უმოკლესი გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.