უკრაინის პრეზიდენტმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაადასტურეს, რომ 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის პორტში მდებარე ნავთობის ტერმინალზე შეტევა განხორციელდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან რუსეთის ნავთობის მრეწველობის ამ ობიექტამდე, რომელიც ომს ემსახურება, მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია.“
„დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის ბაზაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზეც. კიდევ ერთი სამიზნე ტამბოვის ოლქში მდებარე საწარმო იყო, რომლის მანძილიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრია,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით უკრაინელ მეომრებს „კარგი შედეგები“ ჰქონდათ რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების შედეგად. მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა „სამხედრო სამიზნეები კრონშტადტის ბაზაზე“ და რუსული იარაღის წარმოებაში ჩართული საწარმო ტამბოვის რეგიონში.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, ბალტიის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ტერმინალს უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებთან ერთად დრონებით დაარტყეს, რამაც მრავალრიცხოვანი, მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
სანქციების ქვეშ მყოფ პეტერბურგის ნავთობტერმინალს აქვს 31 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა 324 000 კუბური მეტრია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 12,5 მილიონი ტონაა.
რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 10-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევის დღეს ამ ქალაქში გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი გამოსვლა 5 ივნისსაა დაგეგმილი. დარტყმები უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა, რასაც სულ მცირე 22 ადამიანის, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.