მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას, საქართველოზეც ისაუბრა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიუთითებს, რომ მათ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ.


სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ვაშინგტონს დიდი ხანია, აქვს შეშფოთებები საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს განუმარტა, რა იქნება საჭირო უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის.


„მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ.

ასე რომ, იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ, მათი ქცევის შეცვლას შევძლებთ,” - განაცხადა რუბიომ.

ეს განცხადება მარკო რობუომ, კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.