თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის შედეგად, მთლიანად შავი ზღვის სანაპირო ქალაქები ერთიან სწრაფ სარკინიგზო ქსელში გაერთიანდებიან. ტრაპიზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დრო კი, 2 საათამდე შემცირდება.
„ჩვენ სამსუნიდან დაწყებული ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზესა და ართვინს — ყველა ჩვენს ქალაქს ერთმანეთთან დავაკავშირებთ,“ - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
აბდულკადირ ურალოღლუმ შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის მშენებლობაზე ჯერ კიდევ თებერვალში ისაუბრა. ურალოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის რკინიგზის პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს შავი ზღვის სანაპირო პროვინციებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტირებას. პროექტი შექმნის სტრატეგიულ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც თურქეთს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს.
„ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს რეგიონში როგორც სამგზავრო, ასევე, სატვირთო გადაზიდვებში. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება არსებული საგზაო მოძრაობის საცობები,“ - განაცხადა ურალოღლუმ.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ ამ ხაზის მეშვეობით შავი ზღვის სარკინიგზო ქსელი შიდა რეგიონებთან (ჰინტერლანდთან) იქნება დაკავშირებული და საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდება.
ურალოღლუმ ასევე განაცხადა, რომ ერზინჯან–ტრაბზონის სარკინიგზო პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თურქეთის ინტეგრაციაში საერთაშორისო სარკინიგზო ქსელებთან, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და „შუა დერეფანი.“
„სარკინიგზო ხაზის სიგრძე 513 კილომეტრი იქნება. პროექტი მოიცავს 14 სადგურის მშენებლობას. ყოველწლიურად, 12 მილიონი მგზავრისა და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის.