ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას უკვე ხელი მოეწერა და დეტალები „საკმაოდ მალე“ გამოქვეყნდება.  მან ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოლაპარაკებაზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა.


ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ამ კვირის ბოლოს ჟენევაში გაიმართება.


„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება.


ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.


შუამავალი პაკისტანი აცხადებს, რომ შეთანხმება ლიბანში „სამხედრო ოპერაციების“ დასრულებასაც მოიცავს. ირანი იქ ომის დასრულებას შეთანხმების „განუყოფელ“ ნაწილად აღწერს.


ისრაელი აცხადებს, რომ მისი ძალები ლიბანში განუსაზღვრელი ვადით დარჩებიან.


ომის დასრულების მიზნით შეთანხმებას, 14 ივნისს, აშშ-მ და ირანმა პაკისტანის შუამავლობით მიაღწიეს.