ვაშინგტონი ამერიკის მოქალაქეებს რუსეთში დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს.
შესაბამისი განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე განთავსდა.
საელჩო უპილოტო საფრენ აპარატზე რეაგირების სახელმძღვანელოს ავრცელებს.
„უპილოტო საფრენი აპარატების ან დრონების თავდასხმები და აფეთქებები მოხდა უკრაინის საზღვართან, ასევე, რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და სანქტ-პეტერბურგში. საგანგებო შემთხვევაში, უნდა დაიცვათ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და მოძებნოთ თავშესაფარი.
უპილოტო საფრენი აპარატის ან დრონის დანახვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაადგილდით და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების შესახებ ფოტოების გასაჯაროებას. ისინი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
„არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაუღოთ ფოტო უპილოტო საფრენ აპარატს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ან უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებულ საგნებს. რუსეთის კანონი კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სურათების. ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები. აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ვურჩევთ და მკაცრად ვახსენებთ, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში.“
უკრაინის მიერ დრონებით მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვის ოთხი აეროპორტი დროებით დაიხურა და 500-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო.