თურქეთი NATO-ს სამიტს მასპინძლობს

ანკარაში 2026 წლის NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერები ორდღიან მოლაპარაკებებს გამართავენ — განიხილავენ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას.


პირველი დღე ალიანსის თავდაცვის წარმოებისა და სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ინიციატივებით იყო დატვირთული. გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ახალი მრავალეროვნული ინიციატივების სერის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის მოკავშირეები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 40 მილიარდ დოლარზე მეტს ჩადებენ დრონების განვითარებასა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობებში.


ლიდერები ასევე ყურადღებას ამახვილებენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, სამხედრო წარმოების დაჩქარებაზე, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და უფრო ფართო უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაზე, ახლო აღმოსავლეთიდან კიბერ საფრთხეებამდე და ხელოვნურ ინტელექტამდე.


სამიტის ფარგლებში მიმდინარე თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ ალიანსი ასევე შეიძენს ხუთამდე Northrop Grumman MQ-4C ⁠Triton -ის მაღალი სიმაღლის სათვალთვალო დრონს. შესყიდვის განზრახვასთან დაკავშირებულ წერილს კი ხელს ნორვეგია, ფინეთი, გერმანია და დანია მოაწერენ. ალიანსის ოთხმა ქვეყანამ — გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ფინეთმა და პოლონეთმა თავის მხრივ, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „თავდაცვის მრავალმხრივი მექანიზმის“ (MDM) განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაზე.  


„უსაფრთხოების საერთაშორისო გარემოს დინამიკური ცვლილებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგების ფონზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მზად ვიყოთ მომავალი საფრთხეებისთვის. კვლავაც მხარს ვუჭერთ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვასა და რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში,“ - ნათქვამია  განცხადებაში.


MDM დაფინანსების ინოვაციური მოდელია, რომლის ამოცანაა თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა, ერთობლივი შესყიდვების წახალისება და თავდაცვის კრიტიკულ საშუალებებზე მოთხოვნის გაზრდა, რისი საბოლოო მიზანიც არის მსგავსი მიდგომების მქონე მოკავშირეების სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება.


7-8 ივლისს, ანკარაში იმართება NATO-ს სამიტი, რომელზეც მთავარი საკითხები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა და ევროპელი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ამ მიზნების უმთავრესი კომპონენტი სამხედრო მრეწველობის გაზრდაა.


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთშია. აეროპორტში მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა.


დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს. ტრამპმა ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ NATO-ს სამიტს გამოტოვებდა, ის თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო.


აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საღამოს დაგეგმილ NATO-ს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას. მან ერდოღანს ძალიან ძლიერი ლიდერი უწოდა. მანვე აღნიშნა. რომ ვაშინგტონი ანკარისგან მეტ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე ნატოს სხვა პარტნიორებისგან. ამერიკელი ლიდერის თქმით, თურქეთი აშშ-ს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებად ითვლებიან.


დღესვე თურქეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 


მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.


„ომი ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს დრონები და დისტანციურად ბრძოლის ტექნოლოგია წარმოადგენს რევოლუციურ ცვლილებას ომის ტექნოლოგიაში. ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 რუს ჯარისკაცს ვანადგურებთ. წარმოიდგინეთ მასშტაბები. მხოლოდ ივნისში, თითქმის 28 000 რუსი ჯარისკაცი განადგურდა და ჩვენ გვაქვს ვიდეო დადასტურება თითოეული მათგანისთვის.


აბსოლუტური უმრავლესობის ლიკვიდაცია დრონებით განხორციელდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ამით არ ვამაყობთ. განვიხილავთ ამას, რათა ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება თანამედროვე ომი, ომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იძულებულები ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების დასაცავად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მან ხაზი გაუსვა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინულმა დრონებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა და დაარტყეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ციმბირში.


„მე მაქვს თქვენთან კითხვა. მართლა მიგაჩნიათ, რომ სწორი იქნება NATO-ს გარეთ დარჩეს ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ამ დონის თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს? თუ ჩვენ უკვე გვაქვს ეს შესაძლებლობები, თუ უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ იბრძოლონ ასე, მაშინ ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს.


ეს ყველას გაგვაძლიერებდა. ჩვენ უკვე ვხედავთ ერთმანეთს, როგორც საიმედო პარტნიორებს და ბუნებრივი იქნება, რომ გავხდეთ უსაფრთხოების ერთიანი საზოგადოების ნაწილი. NATO-ში უკრაინა არაჩვეულებრივი თავდაცვითი შესაძლებლობების წყაროა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, ტრამპმა 6 ივლისს, თეთრ სახლში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ანკარაში, NATO-ს სამიტზე განიხილავს.