ბრიტანული Guardian-ის ცნობით, რუსეთში დაბადებული და კერძო კაპიტალის ინვესტორი კონსტანტინ სოკოლოვი, რომელიც ამჟამად ჩიკაგოში საქმიანობს, სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი სამეწარმეო ფონდის [„Tripp+“-ის] თავმჯდომარე იქნება, რომელიც ცენტრალური აზიის სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის გამოყოფილ 200 მილიონ დოლარზე მეტ სახსრებს გაუწევს ზედამხედველობას.
ეს დაფინანსება მოიცავს ინვესტიციებს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და კრიტიკული მინერალების სექტორს. გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სოკოლოვის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. სამეწარმეო ფონდის სახელწოება „Tripp+“, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი სოკოლოვია, პროექტისგან — „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) წარმოიშვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, 201 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდს უფლება აქვს, გასცეს სესხები, გრანტები, განახორციელოს კაპიტალის ინვესტიციები, რომლებიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს.
ცნობისთვის, სოკოლოვი 36 დონორიდან ერთ-ერთია, რომლებმაც, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის „წვეულებათა დარბაზის“ პროექტს 350 მლნ დოლარზე მეტი შესწირეს. ამ დონორებს შორის 21 კორპორაცია, 15 ფიზიკური პირი და ოჯახური ფონდებია.
მისი შემოწირულობის ოდენობა საჯაროდ ცნობილი არ არის.
მანამდე მას სახელმწიფო სამსახურში არასდროს უმუშავია.
საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონაცემების მიხედვით, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში სოკოლოვმა რესპუბლიკური პარტიის კამპანიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 12 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა. მანამდე, სოკოლოვი ბარაკ ობამას მოკრძალებული დონორი იყო. მას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის 3 600 დოლარი ჰქონდა შეწირული.
სოკოლოვი სომხეთის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის — Viva Armenia-ს მსხვილი აქციონერია. ასევე, ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს Northern Pillar Energy Consortium-ში, რომელიც ევროპასა და აფრიკას სუფთა ენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის პროექტს ახორციელებს. სოკოლოვი Pelagos Data Centres-ის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს.
ის ჩიკაგოს საინვესტიციო კომპანია IJS Investments-ის დამფუძნებელია, რომელიც მომავლის ენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებზე სპეციალიზდება. მანვე დააფუძნა შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია, Gotthard Investment AG, რომელიც ფინანსურ მომსახურებაში, ენერგეტიკასა და გლობალურ უძრავ ქონებაში აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, TRIPP-ის განვითარების კომპანიის, აშშ-სა და სომხეთს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ამავდროულად, საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას.
ეს საწარმო ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ სამშვიდობო დეკლარაციას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას, რათა მხარი დაუჭიროს ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, სარკინიგზო ხაზებს, მილსადენებს, ბოჭკოვან ოპტიკას და სხვა. TRIPP-ის განვითარების კომპანიაში ამერიკულ მხარეს 74%-იანი წილი ექნება, ხოლო სომხურ მხარეს 26%-იანი წილი ერგება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თებერვალში ერევანში ვიზიტისას ფონდი „Tripp+“ დაახასიათა როგორც „ისტორიული ტრანსფორმაციის“ ნაწილი, რომელიც ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების სრულიად ახალ ერას ჩაუყრის საფუძველს.
Guardian-ი წერს, რომ თეთრი სახლის შუამავლობით, 2025 წლის აგვისტოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა სომხეთთან კავშირების გასაღრმავებლად, ქვეყნის ბირთვული ენერგეტიკის სფეროს წახალისებისთვის 9 მილიარდი დოლარის გამოყოფით და სომხეთის მთავრობისთვის 11 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვით, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობაში პირველი ასეთი პრეცედენტია.