რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველმა ორგანომ „როსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთიდან კურკოვანი ხილის იმპორტზე დროებით შეზღუდვებს აწესებს.
სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, აკრძალვა ხუთი თურქული საწარმოს პროდუქტებზე — გარგარზე, მჟავე და ტკბილ ალუბალზე, ატამსა და ვაშლატამაზე გავრცელდება.
„გადაწყვეტილება კურკოვანი ხილის პროდუქტებში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებისთვის საკარანტინო ობიექტების სისტემატური აღმოჩენის გამო იქნა მიღებული,“ - განაცხადა „როსელხოზნადზორმა“. სააგენტომ არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რომელი ორგანიზმებია ნაპოვნი თურქულ ხილში.
„როსელხოზნადზორმა“ გადაწყვეტილება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და მის უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიჰას შორის კიევში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოაცხადა.
მოლაპარაკებების შემდეგ ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად იყო, კიევის უსაფრთხოების გარანტიებს შეუერთდეს და ამ გარანტიების საზღვაო კომპონენტს NATO-ელ მოკავშირეებთან ერთად უხელმძღვანელოს.
ამჟამად თურქეთი არ შედის რუსეთში კურკოვანი ხილის უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის. გასულ წელს მთავარი ექსპორტიორები იყვნენ უზბეკეთი (180,000 ტონა), აზერბაიჯანი (111,000 ტონა) და სომხეთი (64,000 ტონა).
თუმცა, თურქეთი რუსეთის ციტრუსოვანი ხილის მთავარი მიმწოდებელია (599,000 ტონა) და ასევე მეორე ადგილზეა საზამთროსა და ნესვის მიწოდებით (16,000 ტონა) უზბეკეთის (335,000 ტონა) შემდეგ.