ჩრდილოეთ მაკედონია „ვერტიკალურ გაზის დერეფანს“ შეუერთდება

ჩრდილოეთ მაკედონია „ვერტიკალური გაზის დერეფანში“ გაწევრიანებას ოფიციალურად სექტემბრიდან გეგმავს, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონული კავშირის გაძლიერებისკენ გადადგმული ახალი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის, სამთო და მინერალური რესურსების სამინისტრომ Report-ის ბალკანეთის ბიუროს განუცხადა.


გადაწყვეტილება ათენში, გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების შეხვედრაზე დადასტურდა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ოპერატორ NOMAGAS-ს ამ რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოში გაწევრიანება დამტკიცდა.


ინიციატივის მონაწილეების  — საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვის, უკრაინის, სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად გაწევრიანების პროცესში არიან.


მინისტრის შეფასებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს ევროპის ენერგეტიკულ ქსელში ინტეგრაციის გადამწყვეტ ეტაპს, რაც უზრუნველყოფს საიმედო, დივერსიფიცირებულ და კონკურენტუნარიან მომარაგებას.


ამასთან, აღინიშნა, რომ ვერტიკალურ დერეფანში გაწევრიანება არ ნიშნავს ახალი მილსადენის მშენებლობას. პირიქით, ის გულისხმობს ეროვნული მილსადენების, ინტერკონექტორების და ტერმინალების ინტეგრირებას კოორდინირებულ ევროპულ ქსელში.


ამ სისტემის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შესაძლებელია მთელ ევროპაში სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მრავალი მარშრუტით. სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით მიწოდებული აზერბაიჯანული გაზი უკვე აღწევს ევროპაში და ვერტიკალური დერეფნის განვითარება დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ამ რესურსების უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში გაფართოებისთვის.


„ვერტიკალური გაზის დერეფანი“ რეგიონული ენერგეტიკული ინიციატივაა, რომლის მიზანიც ევროპაში ბუნებრივი აირის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ტრანსპორტირებაა.


ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. ვერტიკალურ დერეფანს ეს ბუნებრივი აირი ევროპის უფრო ჩრდილოეთ და ცენტრალურ ქვეყნებში გადააქვს.