რუბიომ და ლავროვმა მანილაში შეხვედრა გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინებში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.


AP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მცირე დეტალები გაასაჯაროვა.


„მათ განიხილეს აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობა,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


რუბიომ მანამდე მანილაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვთან უკრაინის კონფლიქტის საკითხის წამოწევას გეგმავს და რომ აშშ ღიაა კონფლიქტის დასრულებაში როლის შესასრულებლად, „თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება.“


მან აღიარა, რომ ეს მცდელობები „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეულწილად შენელდა“, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილება არის თუ არა მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა რუსეთის მთავრობასთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სფეროები, სადაც უთანხმოება გვაქვს,“ - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ ისინი ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები არიან.


თავის მხრივ, ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუბიოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების შესახებ ჰკითხავდა, ​​სადაც ის ამბობდა, რომ კონფლიქტის მოგვარებას უახლოვდებოდა.


„როდესაც ლავროვმა შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დატოვა, მას ჰკითხეს, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ჯარების დაბომბვაში, რაზეც რეპორტიორს ასეთი პასუხით მიმართა: „ლამაზი ვარცხნილობა აქვს.“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „უკრაინის პრობლემატიკის“ განხილვისას ლავროვმა რუბიოს გააცნო „რეალური მდგომარეობა საბრძოლო შეხების ხაზზე“ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ დაუშვებელია „კიევის რეჟიმისთვის" იარაღის შემდგომი მიწოდება და ევროპული ქვეყნების მხრიდან „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი პოლიტიკა.


სამინისტროს ცნობით, ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის და ერთგულია იმ წინადადებების, რომლებიც ამერიკულმა მხარემ წამოაყენა ანკორიჯში, პრეზიდენტების, პუტინისა და ტრამპის შეხვედრისას.


აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკორიჯში მხოლოდ წინადადებები გამოითქვა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ის წინადადება იყო ომის შეწყვეტა დონბასზე რუსეთის სრული კონტროლის სანაცვლოდ. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.