ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების ახალ პაკეტში ტრანზაქციების აკრძალვის სიას 32 რუსული ბანკი, ასევე კრიპტოკომპანიები და ნავთობის სავაჭრო პლატფორმები დაემატა.


„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. მაშინ, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას განაგრძობს. ჩვენ ერთი წლით ვყინავთ ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ცვლილებას, რათა რუსულმა ომის მანქანამ ბაზრის შოკებისგან სარგებელი ვერ მიიღოს. პირველად, ჩვენ მიზანში ვიღებთ გემებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ დახმარებას უწევენ. ასევე, რუსი მებრძოლების ევროკავშირში შესვლის ოფიციალურად აკრძალვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.


საბერძნეთისთვის, რომლის ვეტოც აქამდე ხელს უშლიდა შეთანხმების მიღწევას, დაუშვეს გამონაკლისი საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის არაწევრი მომხმარებლებისთვის რუსული თხევადი აირის მიწოდება გააგრძელოს. ათენი ევროკავშირს გამონაკლისის დაშვებას სთხოვდა, რათა 2027 წლის იანვრიდანაც გაეგრძელებინა რუსეთის LNG-ის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გადაზიდვა.


ამ მოთხოვნას მხარს უჭერდა ბერძენი მილიარდერის ჯორჯ პროკოპიუსის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო კომპანია Dynagas. კომპანიას და მის შვილობილ საწარმოს რუსეთის უდიდეს გაზის პროექტთან — Yamal LNG-თან — 11 ხომალდის, მათ შორის არქტიკულ პირობებზე მორგებული შვიდი ყინულმჭრელი ტანკერის გამოყენებაზე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.


ევროკავშირმა საბერძნეთის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბერძნულ კომპანია Dynagas-ს 12-თვიანი გამონაკლისი დაუშვა, რაც მას 2027 წლის იანვრის შემდეგაც აძლევს უფლებას, რუსეთის LNG ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გადაიტანოს.