უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში ალტერნატიული თანამდებობის მიღებაზე და განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაბრუნება სურს.
მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, თუმცა აღნიშნა, რომ „სახელმწიფოში მხოლოდ სამი თანამდებობაა, რაც განსაზღვრავს ომის მიმდინარეობას: პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის და მთავარსარდლის.“
“მადლობელი ვარ პრეზიდენტის ყველა შემოთავაზებული ვარიანტისთვის, მაგრამ დღეს სახელმწიფოში მხოლოდ სამი თანამდებობაა, რომლებიც, ბრძოლის ველზე სამხედროების გარდა, რეალურად განსაზღვრავენ ომის მსვლელობას — უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
სწორედ ამიტომ თავდაცვის მინისტრის გარდა არცერთ სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები.
არცერთ სხვა თანამდებობას არ გააჩნია რეალური ძალაუფლება, რათა შესყიდვებში კორუფცია დაამარცხოს, არმიის დაწყებული ტრანსფორმაცია ბოლომდე მიიყვანოს, დაგეგმოს და განახორციელოს ასიმეტრიული ქმედებები და ოპერაციები მტრის წინააღმდეგ, ამოძირკვოს ტყუილისა და უპასუხისმგებლობის კულტურა სისტემის შიგნით და ბოლომდე მიიყვანოს სხვა საქმეები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო თავდაცვის სამინისტროში,” - განაცხადა ფედოროვმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ფედოროვს რამდენიმე თანამდებობა შესთავაზა, მათ შორის ვიცე-პრემიერის თანამდებობა.
გასულ კვირას ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მოგვიანებით ზელენსკიმ გაათავისუფლა მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი, რომელიც ფედოროვთან კონფლიქტში იყო.