რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც შეზღუდა

27 ივლისიდან სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვები ამოქმედდება.


რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება 14–21 ივლისს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს ეფუძნება, რომლის დროსაც, მათივე განცხადებით, არაერთი დარღვევა გამოვლინდა.


„როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, მათ შორის „დადგინდა, რომ რუსეთში გასაგზავნი პროდუქციის წარმოებაში გამოიყენებოდა დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე.“

სომხური მხარის განმარტებით, წარმოებაში გამოყენებულმა ნედლეულმა გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ის უსაფრთხოა.


რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება მაისის ბოლოს დაიწყო. აკრძალვები შეეხო, მათ შორის, ყვავილებს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს.