ყაზახეთის „თენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი ბათუმის პორტის გავლით — Reuters

Reuters-ის წყაროების ცნობით, ყაზახეთის „თენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა, Tengizchevroil-მა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი საქართველოს ბათუმის პორტის გავლით.

ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი Caspian Pipeline Consortium-ის მილსადენით ხორციელდება, რომლის ძირითადი მოცულობა ტენგიზის, კაშაგანისა და კარაჩაგანაკის საბადოებიდან მოდის.


თუმცა დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და არასასურველი ამინდის გამო, Caspian Pipeline Consortium-ის მუშაობა შეფერხდა, რის გამოც Tengizchevroil-ს უფრო ძვირი ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება მოუწია. 30 ივლისს, Caspian Pipeline Consortium-მა შავი ზღვის ტერმინალიდან იუჟნაია ოზერეევკაში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა.

როგორც კონსორციუმმა განაცხადა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტანკერებზე ნოვოროსიისკის მახლობლად, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.


წყაროს ინფორმაციით, ივლისის დასაწყისიდან ბათუმის პორტში „თენგიზის“ საბადოდან დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობი გადაიტანეს. როგორც სააგენტო წერს, ორივე წყარომ ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რადგან მათ საჯარო კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება არ ჰქონდათ.


ნავთობის ექსპორტზე CPC-ის მეშვეობით დაწესებულმა შეზღუდვებმა ბოლო კვირების განმავლობაში ყაზახეთში ნედლი ნავთობის წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.