გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოების გეგმა დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას დაუჭირა მხარი. კაბინეტმა ახალი ზომები დაამტკიცა, რომლითაც კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური (BfV) და ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) მონაცემთა შეგროვებასა და თავდასხმების აღკვეთის მიზნით ოპერაციების წარმოებას უფრო აქტიურად შეძლებენ.


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ზომები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებასაც ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ოპერატიულ უფლებამოსილებებს მიიღებენ.


„ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილ საიდუმლო სამსახურებად გარდავქმნით,“ - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.


კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ნაცისტური რეჟიმის გამოცდილება ჯერ კიდევ ახალი იყო, შეიქმნა, ტრადიციულად უფრო შეზღუდული უფლებამოსილებებით სარგებლობდნენ, ვიდრე მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის, შესაბამისი სამსახურები.