არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა (UAE) ირანთან ყველა სახის სავაჭრო საქმიანობა და ფინანსური ტრანზაქცია „შემდგომ შეტყობინებამდე“ შეაჩერა.
იტყობინება UAE-ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორზე დაყრდნობით.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. თუმცა განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც UAE-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ორი ირანული ბალისტიკური რაკეტა აღმოაჩინა, რომლებიც საზღვაო ნავიგაციას იღებდნენ მიზანში.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. საპასუხოდ, თეირანმა რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის UAE-ზე, სადაც აშშ-ის აქტივებია განთავსებული, დარტყმები განახორციელა.
ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო.
თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა.