აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მსოფლიოს სახელმწიფოები გააფრთხილა იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც მათ მიერ ირანის დახმარებას მოჰყვება.
ტრამპმა 19 აგვისტოს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-დაწერა, რომ ირანს მან მისცა შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც არ გამოიყენა, ამიტომ „ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბის იქნება.“ აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია,“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მისი საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებად არის ქცეული, მისი ვალუტა უსარგებლოა და „ქვეყანა ძაფზე ჰკიდია.“
ტრამპი ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანის მხარდაჭერის უფლებას მისცემს, „უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს“ წააწყდება.
„ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლითი ხაზები, ფულადი გზავნილები, გაცვლითი პუნქტები, გემების რეესტრი, ფიქტიური კომპანიები - ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ყველა მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით უნდა დადგეს, რათა ირანისგან მომდინარე საფრთხე იზოლირებული და დამარცხებული იყოს.
„ეს მანიაკები უკვე კუთხეში არიან მომწყვდეული. ეს ისტორიული ზომები მათ და მათ მიერ მთელ მსოფლიოში ტერორის გავრცელების შესაძლებლობას დააზიანებს,“ - დაწერა ტრამპმა.
ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო.
თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა.