„ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს,“ - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურები რუსების დარტყმების ადგილებზე მუშაობას განაგრძობენ. ეს მასშტაბური თავდასხმა იყო, რომლისთვისაც რუსები დიდხანს ემზადებოდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების კომბინირებით, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსების იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 12 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე, თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.
ზელენსკის თქმით, რუსებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს, ხოლო ჩერნიგოვის ოლქში ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას.
„სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში ინვესტიციას დებს, მსგავს თავდასხმებს ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოსგან სათანადო რეაქცია. ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს. ჩვენ Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება. ყოველი დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ინარჩუნებს. მადლობა ყველას, ვინც დახმარების გზებს ეძებს და პოულობს,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა რუსეთის შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 20 აგვისტოს დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია, რომ კიევში 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.