ნორვეგიამ რუსული გემი დააკავა

ნორვეგიამ უკრაინის მოთხოვნის შემდეგ რუსული გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია “ნაფტოგაზი” ავრცელებს.

ნორვეგიაში, “ნაფტოგაზის” მოთხოვნით, დააკავეს რუსული გემი “პროფესორ მოლჩანოვი”.


გადაწყვეტილება 31 აგვისტოს ნურ-ტრუმსოსა და სენიას საოლქო სასამართლომ გამოიტანა.

გემი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის და კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენება.


“ნაფტოგაზი”ითხოვს 4,22 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდის აღსრულებას იმ აქტივებისთვის, რომლებიც მოსკოვმა მიითვისა, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.


რუსეთმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას ამ საქმეში და არ აპირებს თანხის გადახდას.

71 მეტრის სიგრძის „პროფესორ მოლჩანოვზე“, რომელიც ფინეთში 1982 წელს აიგო, ეკიპაჟის 32 წევრია დასაქმებული და მას 52 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. Cruisemapper-ის ვებგვერდის მიხედვით, გემს აქვს ბიბლიოთეკა, საუნა, ბარი და ორი რესტორანი. ის გამოიყენება სამეცნიერო ექსპედიციებისა და კომერციული კრუიზებისთვის.


„ნაფტოგაზმა“ განაცხადა, რომ რუსული აქტივების დევნას გააგრძელებს, ვიდრე რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის. მან ჩამოთვალა რამდენიმე იურისდიქცია, მათ შორის აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ფინეთი, სადაც რუსული აქტივები გაყინულია.