„ჩვენ მიერ არჩეული გზა განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი მსოფლიოში ლიდერის პოზიციას“ — მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

ათენში, აკროპოლისის წინ გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიმოიხილა გზა ძველი საბერძნეთის ისტორიიდან ამერიკული ინდუსტრიის აღზევებამდე და ხაზი გაუსვა, რომ დასავლურ ცივილიზაციას დაცემის საფრთხე ემუქრება.


რუბიომ აღნიშნა, რომ მსოფლიო „გარდამტეხ ეტაპზეა.“ მისი შეფასებით, ერებმა, განსაკუთრებით ევროპაში, უნდა აღადგინონ კავშირი ძველ ბერძნულ ღირებულებებთან და „ხელახლა ააშენონ ინსტიტუტები და ალიანსები, რათა ერთობლივად გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებულმა შტატებმა არჩევანი უკვე გააკეთა. 

მან ანტიკური საბერძნეთისა და კლასიკური სახელმწიფო მართვის მაგალითებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ ინტერესების, წინდახედულობისა და ძალის გამოყენების მნიშვნელობის. 

თანამშრომლობაზე საუბრის პარალელურად, რუბიომ აღნიშნა, რომ „ერებს არ მოეთხოვებათ საკუთარი უნიკალური იდენტობის დათმობა საერთო ინტერესების აღიარებისთვის.“

რუბიომ, რომელსაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად ხშირად მოიხსენიებენ, ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, მსოფლიოს ემუქრება, მათ შორის ირანში მოქმედ „რადიკალ მოლებსა“ და თვითმკვლელ ტერორისტებზე. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის გამოსვლის ძირითადი ნაწილი უფრო ფართო საფრთხეს დაეთმო; მან მიმდინარე პერიოდი გზაგასაყარად შეაფასა.
 

ის პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის იმ „კლასიკური გააზრების“ აღდგენის მოწოდებით გამოვიდა, რომლის დაბრუნების იმედიც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს — არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი ცივილიზაციისთვის, რაც გულისხმობს ეროვნული სიამაყის აღდგენას — გრძნობისა, რომელიც ძველ ბერძნებს ახასიათებდათ, თუმცა დასავლეთმა მასზე უარი თქვა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ევროპის ტრანსატლანტიკური მეგობრობა არ უნდა იყოს „ნულოვანი ჯამის თამაში“ და მათ ერთად გამარჯვება სჭირდებათ. რუბიომ ასევე გაიხსენა ისტორიული კავშირები, მათ შორის საბერძნეთის 1821 წლის თავისუფლებისთვის ბრძოლა და დასავლური ცივილიზაციის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორებიცაა პატივისცემა, მოვალეობა და გმირული მემკვიდრეობა.

თავისი გამოსვლის დასასრულს, რუბიო გამოვიდა მოწოდებით, რომ აუცილებელია ამ სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენა და ერთობლივი ძალებით თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

 
რუბიოს გამოსვლა სრულად: 

 „მსოფლიოს მასშტაბით უამრავ დიდებული ნანგრევი გვხვდება. ხშირ შემთხვევაში, ისეთი ადგილები, სადაც თითქოს ისტორიამ თავისი თავი უკვე ამოწურა — ეს შორეული კულტურების ნაშთებია, რომლებიც დიდი ხანია, ცოცხალ მეხსიერებას გასცდა.
 
თუმცა აკროპოლისი სულ სხვაგვარია.


ათასწლეულების განმავლობაში, ცივილიზაციამ ჩემ უკან აღმართული ნაგებობები შექმნა, რამაც დასავლური სამყაროს წარმოსახვაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების, ხელოვანებისა და ფილოსოფოსების თაობები მას მუდმივად შესცქეროდნენ — აღტაცებითა და მოწიწებით.

დროს ახასიათებს აღქმების გაფერმკრთალება: დიდებული გამარჯვებები თუ კატასტროფული მარცხი თითქოს უფერულდება და  სახელმძღვანელოს ფურცელზე დატანილ უმნიშვნელო მინაწერად იქცევა — კიდევ ერთ ფაქტად, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ჯერ იმახსოვრებენ და შემდეგ ივიწყებენ. მაგრამ ანტიკური ხანის ბერძნებს ჩვენს მეხსიერებაზე თითქოს მისტიკური ძალა აქვთ. ისინი კვლავ გვიხმობენ საკუთარ თავიან სამყაროში.

ქრისტეს შობამდე 480 წელს, ქსერქსეს ლაშქარი ამ ქალაქში შემოიჭრა და მის სალოცავებს ცეცხლი წაუკიდა. იმ დროისთვის ათენელთა უმეტესობა გემებით უკვე ახლომდებარე კუნძულზე იყო ევაკუირებული. თუმცა მცირე ნაწილმა უარი თქვა მშობლიური კერის დატოვებაზე. მათ თავი აკროპოლისის კლდოვან ციხესიმაგრეს შეაფარეს და უკანასკნელი, გმირული ბრძოლა გააჩაღეს: კლდეებიდან სპარს დამპყრობლებს უზარმაზარ ლოდებს ესროდნენ და დღეთა განმავლობაში იგერიებდნენ იმ ეპოქის უძლიერეს იმპერიას.

საბოლოოდ, მტერი მათზე გაბატონდა. სპარსელებმა ტაძრები გაძარცვეს, სალოცავები გადაწვეს და აკროპოლისი მიწასთან გაასწორეს, მაგრამ როდესაც ათენელები დაბრუნდნენ, მათ ძველი აკროპოლისის დამსხვრეული ნაშთები შეაგროვეს და იმავე ბორცვზე დამარხეს, სადაც ის ოდესღაც იყო აღმართული. ათწლეულების შემდეგ კი, პერიკლეს მმართველობისას, მათ პართენონი ააგეს.

მას შემდეგ 25 საუკუნე გავიდა და პართენონი კვლავ დგას. მის ჩრდილში იმპერიები აღზევდნენ და დაეცნენ. ხოლო იმ ადამიანთა შთამომავლებმა, რომლებმაც ის ააგეს — ათენისა და რომის შვილებმა — თავიანთი ცივილიზაცია დედამიწის კიდემდე გაავრცელეს.

ამერიკის რესპუბლიკის დაარსებიდან ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ — იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავარ, დედამიწის მეორე მხარეს — მე აქ ვარ როგორც ამ რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი და როგორც ესპანეთიდან ახალ სამყაროში გადასახლებულთა შთამომავალი; აქ ვდგავარ, რათა ვაღიარო ვალი, რომელსაც ვერც დროის დინება და ვერანაირი მანძილი ვერასდროს წაშლის.

ამერიკის, ჩემი ქვეყნის ისტორია ანტიკური ხანის კვალს ატარებს. საბერძნეთი პირდაპირი გაგებითაა აღბეჭდილი ჩვენს არქიტექტურაში: ჩვენი დედაქალაქის მაღალ სვეტებში, გუმბათებსა და მონუმენტებში. ქალაქი, სადაც ჩვენი კონსტიტუცია დაიბადა — ფილადელფია — თავადაც ბერძნული სახელწოდებაა.

ჩემი ქვეყნის დამფუძნებლებს ხიბლავდა ის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. ისინი ისტორიის ღრმა მცოდნეები იყვნენ და მკაფიოდ აცნობიერებდნენ საკუთარ უნიკალურ ადგილს მასში, თუმცა წარსულის არცერთ სხვა ეპოქას არ მიუპყრია მათი ყურადღება და წარმოსახვა ისე, როგორც ანტიკურ ხანას. ბევრისთვის მოულოდნელია იმის გაგება, რომ „ფედერალისტის წერილებში“ (Federalist Papers) ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი არც განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსი ყოფილა და არც პოლიტიკური თეორეტიკოსი. არა, „ფედერალისტის წერილებში“ ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი პლუტარქე იყო — საბერძნეთისა და რომის დიდებული მოღვაწეების ბერძენი ბიოგრაფი.

ბევრი დაწერილა და თქმულა ძველი საბერძნეთის გავლენაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების იდეებზე — და, ამასთანავე, მათ წინამორბედ ყველა დასავლელ ფილოსოფოსსა თუ სახელმწიფო მოღვაწეზე. ამ ისტორიის ძირითადი ნაწილი ჩვენთვის ნაცნობია: ათენმა მოგვცა დემოკრატია; პლატონმა და არისტოტელემ — დასავლური ფილოსოფია; ხოლო კანონის, სათნოების, მოქალაქეობისა და რესპუბლიკური მმართველობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სწორედ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა. მეტიც, ჩვენი პოლიტიკური ლექსიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც — ისეთი სიტყვები, როგორიცაა დემოკრატია, ტირანია და თავად სიტყვა „პოლიტიკა“ — სწორედ აქედან იღებს სათავეს.

ყოველივე ეს სიმართლეა. თუმცა ის, რის გამოც ამ ადგილის ვალი გვაქვს — როგორც ამერიკელებსა და დასავლელებს — გაცილებით ღრმა და არსებითია. ეს ინსტიტუტები და იდეები იმ ფუნდამენტური თვისებების გარეგნული გამოვლინება იყო, რომლებიც ძველ ბერძნებში შეგვიძლია, ვიხილოთ — თვისებებისა, რომელთა დაყვანაც რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემასა თუ თეორიამდე შეუძლებელია.

სწორედ აქ, ათენში, ვიხილეთ იმ არსებითი ნიშან-თვისებების პირველი სრულფასოვანი გამოვლინება, რომლებმაც შემდგომში დასავლეთის სახე განსაზღვრა: მტკიცე ინდივიდუალიზმი და დაუოკებელი ამბიცია; კვლევა-ძიება და ინოვაცია; აღმოჩენის, თავგადასავლის, რისკისა და დიდების წყურვილი. სამყაროსა და მისი მოქმედების პრინციპებისადმი დაუოკებელი ინტერესი; ბუნების საიდუმლოებათა შეცნობისა და კოსმოსური საიდუმლოებების ამოხსნის სურვილი. შეურიგებლობა „შეუძლებლობის“ ცნებასთან, ყველა საზღვრისა და შეზღუდვის გადალახვის სურვილი.

ეს არ ყოფილა მხოლოდ რომელიმე ფილოსოფიური სკოლის ფორმულები თუ დოგმები. ეს იყო ხალხის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც აისახებოდა მათ ტრადიციებში, თქმულებებსა და წარმოსახვაში; იმ თვისებებში, რომლებსაც ისინი მოქალაქეებისგან მოითხოვდნენ; და იმ ღირებულებებში, რომელთა გამოც ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და კვდებოდნენ. მათი შეცნობა საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს.


სწორედ აქ აყვავდა დასავლური სწრაფვა იმისკენ, რომ გამოეაშკარავებინათ ყველაფერი, რასაც უმეცრება, სიბნელე და სიშორე ადამიანის გონებისგან მალავდა. ბერძნებს ისტორია მხოლოდ არ შეუქმნიათ; მათ თავად ისტორია გვაჩუქეს. ბევრი რამ, რაც უძველესი ცივილიზაციების შესახებ ვიცით, თითქმის მთლიანად ბერძენი მკვლევრებისა და ისტორიკოსების ჩანაწერებიდან მომდინარეობს — ადამიანებისგან, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ხალხის ისტორიას აღწერდნენ, არამედ შორეულ მხარეებშიც მიემგზავრებოდნენ, რათა დაეკვირვებინათ და აღეწერათ სხვადასხვა ხალხისა და კულტურის ამბები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მაშინ, როცა სხვები საკუთარ თავში იყვნენ ჩაკეტილნი, ბერძნები პირველები იყვნენ, ვინც მზერა გარეთ მიაპყრეს და უცხოსა და ახლის ხილვით გამოწვეული აღტაცებისა და დიდების ძიება დაიწყეს. სწორედ ამ თვისებამ უბიძგა დასავლეთს ისეთი რამეების შექმნისა და აშენებისკენ, რაც სხვებს არ შეეძლოთ; სწორედ ამან გამოგვარჩია იმ მრავალი სხვა კულტურისა და ცივილიზაციისგან, სადაც სტაბილურობა და არსებობის შენარჩუნება ცხოვრების უმაღლეს მიზნად მიიჩნეოდა.

ბერძნებისგან მხოლოდ შეუცნობის ამოცნობის ამბიცია არ მიგვიღია; ჩვენ მათგან მივიღეთ რწმენაც, რომ შეუცნობლის შეცნობა შესაძლებელია. ეს არის რწმენა იმისა, რომ სამყაროს აღწერა, გაზომვა, რუკაზე დატანა და გააზრება შეიძლება; რომ კოსმოსს აქვს რაციონალური წესრიგი, რომელსაც გარკვეული ფუნდამენტური კანონები მართავს — კანონები, რომელთა დაკვირვებაც ადამიანებს შეუძლიათ და რომელთა გააზრებაც გონებას ძალუძს.

ეს იყო დასავლური აზროვნების საფუძველი: ჩვენი მათემატიკის, ჩვენი მეცნიერების, ჩვენი მედიცინის, ჩვენი ფილოსოფიის, ეთიკისა და რელიგიის. მან გზა გაუხსნა იესო ქრისტეს სახარებას, რომ ევროპაში ნაყოფიერი ნიადაგი ეპოვა და ქრისტიანული სამყაროს იმპერიაში აყვავებულიყო. ეს იყო ქრისტიანული თეოლოგიის სიმდიდრის - ავგუსტინესა და აკვინელის და ბუნებრივი სამართლის მთელი ტრადიციის - საფუძველი.

მან წარმოშვა ცივილიზაცია, რომელიც არამხოლოდ საერთო კულტურით, არამედ საერთო ანთროპოლოგიითაც იყო გამორჩეული - საერთო ხედვით ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის შესახებ. მის შთამომავლებს აერთიანებდათ არამხოლოდ ბუნებრივი წესრიგის იდეა, არამედ სათნოების, ბედისწერისა და ბედ-იღბლის, ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის გაგება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, ობიექტური სტანდარტებითა და იდეალებით, რომელთაკენაც უნდა ისწრაფვოდნენ.

ანტიკური ხანის ბერძნებისთვის სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის არსებობის მთავარი პრინციპი იყო. მათ მთელი სამოქალაქო ცხოვრება შეჯიბრის, ამბიციისა და კონკურენციის გარშემო მოაწყვეს: ფილოსოფიასა და პოეზიაში, ქანდაკებასა და დრამაში, სპორტსა და ხელოვნებაში, ომსა და სახელმწიფოებრივ ხელოვნებაში. კლასიკური ბერძნული ქალაქი იყო ასპარეზი, სადაც დიდ ადამიანებს საკუთარი თავის გამოცდა და დამტკიცება შეეძლოთ, სადაც მუდმივი ბრძოლით სრულყოფდნენ თავიანთ შესაძლებლობებს – ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საუკეთესოები, უძლიერესები, ულამაზესები და სულ უფრო ახლოს ყოფილიეყვნენ სრულყოფილებასთან.

ახლა ვიცი, რომ თანამედროვე ადამიანისთვის, ის, რაც ახლახან აღვწერე, ცხოვრების ეს წესი, შეიძლება უცნაურად და სასტიკადაც კი ჟღერდეს. ჩვენი დროის მრავალი იდეოლოგიის იდეალად, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქცა სრულყოფილი უსაფრთხოების სამყარო – რისკისა და მარცხის გარეშე, სადაც არც გამარჯვების დიდებაა და არც დამარცხების სირცხვილი. დღესდღეობით ძალიან ხშირად ჩვენ ვქმნით ჩვენს სტანდარტებს ისე, რომ არავინ წააგოს; ჩვენ უფრო მეტად ვართ დაკავებულნი სუსტის კომფორტით, ვიდრე საუკეთესოს პოტენციალით. 

ადამიანები, რომლებმაც პართენონი შექმნეს, ზემოთ აშენებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ცხოვრებაში უმაღლესი და ყველაზე კეთილშობილური მისწრაფება იყო ყველა დანარჩენზე მეტის გაკეთება, ყველაფერში საუკეთესოდ ყოფნის სურვილი. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები სავსე იყო ინტენსიური ვნებით, მეტოქეობით, ჯგუფებითა და კონფლიქტებით. მაგრამ ამ მუდმივი ბრძოლიდან ხელოვნების, ფილოსოფიის, პოლიტიკური და ინტელექტუალური ენერგია წარმოიშვა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის ქალაქების ერთობლიობა მსოფლიოში უდიდესი ცივილიზაციის სამშობლოდ აქცია.

თიმოსი, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ - ვნების, ძალის, გამბედაობის, სიამაყის ცეცხლი - დიდი ცივილიზაციის გულია. და მის გარეშე? მის გარეშე, ერები კარგავენ ბრძოლის სურვილს, გადარჩენის სურვილს.

დღეს დასავლეთის ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ეს თვისება. დროთა განმავლობაში, ჩვენ, დასავლეთში, სირცხვილის გრძნობა გაგვიჩნდა იმ ყველაფრის გამო, რაც გვხდის გამორჩეულს; რომ ჩვენი მიღწევები გამოგვარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან. ჩვენი კეთილდღეობა რატომღაც დანაშაულის წყაროდ იქცა. ჩვენ აღარ გვჯეროდა, რომ ვიმსახურებდით და დავიმსახურეთ ჩვენი სიდიადე.

სიტყვა „ნაციონალიზმი“ ბინძურ სიტყვად იქცა. ამიტომ ჩვენ დავანგრიეთ ჩვენი ძეგლები; დავგმეთ ჩვენივე ისტორია. და ძალიან ბევრ ადგილას ვასწავლეთ ჩვენს შვილებს, რომ შერცხვენოდათ იმ ქვეყნების, რომლებსაც ისინი მემკვიდრეობით მიიღებდნენ. ამ პროცესში გავხსენით საზღვრები, ჩვენი მრეწველობა საზღვარგარეთ გადავიტანეთ და დავუშვით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დასუსტებულიყო.

ყოველ მომდევნო წელს თითქოს ჩვენი სუვერენიტეტის სულ უფრო დიდ ნაწილს სხვებს, გადაწყვეტილებების მიღების უფლებას კი, გლობალურ ბიუროკრატიებს ვაბარებდით, რომლებიც ჩვენი კონტროლის მიღმა იყვნენ.

მაგრამ სხვები ძალიან ბედნიერები იყვნენ იმ ვაკუუმის შევსებით, რომელიც ჩვენ დავტოვეთ - ვაკუუმის, რომელიც ჩვენი სისუსტის გამო დარჩა. და როდესაც დასავლეთის თავდაჯერებულობა შეირყა, მისი მოწინააღმდეგეები და მეტოქეები კიდევ უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, ჩვენს ნაცვლად საკუთარი სიმდიდრე და ძალაუფლება დააგროვეს.

და ახლა, დღეს, ჩვენ გზაჯვარედინზე აღმოვჩნდით. რადგან შემდეგი ათწლეული და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაწერს შემდეგი საუკუნის ისტორიას. ჩვენ მიერ არჩეული კურსი განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი თავის ადგილს მსოფლიოს სათავესთან, თუ შეეგუება ატროფიის, მონობისა და დაცემის მომავალს. ჩვენ ან ახლა ვიმოქმედებთ, ან საერთოდ დავკარგავთ მოქმედების არჩევანს.

პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს შეერთებულმა შტატებმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ მტკიცე მისწრაფებას ეროვნული ძალაუფლებისკენ, რათა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს კრიტიკულ მომარაგების ჯაჭვებზე, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია, აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა და ვიბრძოლოთ მომავლის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების დომინირებისთვის.“

მიუხედავად თავიანთი ამაღლებული იდეალებისა, ძველი ბერძნები გულუბრყვილოები არ ყოფილან.

მათ ესმოდათ, რომ ერებს ინტერესები აქვთ. ესმოდათ, რომ სახელმწიფო მართვა წინდახედულობასა და დიპლომატიას მოითხოვს, მაგრამ ასევე მოითხოვს ძალის გამოყენების უნარს მაშინ, როდესაც წინდახედულობა და დიპლომატია შედეგს ვერ აღწევს. მათ ესმოდათ, რომ ძალაუფლება მხოლოდ თავის დაცვის საშუალებების ქონას არ ნიშნავს – საჭიროა სხვებს სჯეროდეთ, რომ ამ საშუალებების გამოყენებისთვის მზად ხარ.

ეს არის პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი ხელოვნების კლასიკური გაგება, რომლის აღდგენასაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს – არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია ხანგრძლივი ძილიდან გამოღვიძება და იმ ცეცხლის ხელახლა გაღვივება, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო.

ამის ნიშნები უკვე არსებობს.

ამ კონტინენტზე ვხედავთ იმას, რაც, იმედი გვაქვს, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება: თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების სწრაფი განვითარება, წარმოებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოება – იმ ისტორიული თავდაცვითი ვალდებულებების შემდეგ, რომლებიც გასულ წელს ჰააგაში მოხდა.

საბერძნეთი ამ ცვლილებების ცენტრში იყო.

ამ ქვეყნის ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელი მეგობარია როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – ენერგეტიკიდან მიგრაციამდე და თავდაცვამდე, სადაც საბერძნეთი სამაგალითო მოკავშირეა.

და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მთელი ევროპა თქვენს მაგალითს მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ვნებებმა შესაძლოა, ზოგჯერ დაძაბოს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მეგობრული კავშირები, არ უნდა დავუშვათ მათი გაწყვეტა. ერთად უნდა გავაძლიეროთ ალიანსი, რომელსაც შეუძლია, გაუმკლავდეს ჩვენი ეპოქის საფრთხეებს.

ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან არ გვჯერა, რომ ტრანსატლანტიკური მეგობრობა ნულოვანი ჯამის თამაში უნდა იყოს.

პირიქით: ჩვენი ხედვა არის ალიანსი, რომლის ძალაც მისი შემადგენელი ნაწილების ძალთა უბრალო ჯამზე მეტია.

ამ ხედვის სისრულეში მოყვანა სულ გასულ თვეში ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უპრეცედენტო ახალი შეთანხმების დროს -  შეთანხმებისა, რომელიც არქტიკას გარდაქმნის და მთელი NATO-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ამ შეთანხმების სამივე მონაწილე გამარჯვებულია. 

მთელი ევროპა, NATO და ამერიკის შეერთებული შტატები ამის შედეგად, უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცული გახდა.

ჩვენ გვინდა ერთად გამარჯვება.

ერთად უნდა გავიმარჯვოთ.

დღეს მოდური გახდა წარმოდგენა, თითქოს განათლებული საგარეო პოლიტიკა საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა გლობალური საზოგადოების ინტერესების დაყენებას ნიშნავს. ვფიქრობ, აქაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ძველი ბერძნებისგან, რომლებმაც იცოდნენ, რომ საკუთარი ერის ერთგულებაში არაფერია ეგოისტური ან არასწორი. ისევე, როგორც არაფერია ეგოისტური ან არასწორი იმაში, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოლო.

მათ სჯეროდათ „დიდი ადამიანის“ იდეალის — გამორჩეული პიროვნებისა, რომელიც თავისი საქმეებით უკვდავებას მოიპოვებს. მათ ასევე სწამდათ, რომ დიდება და სახელი ძალისხმევით, მსხვერპლის გაღებითა და ისეთი საქმის კეთებით მოიპოვება, რომლის მნიშვნელობაც თავად პიროვნებას აღემატება. ძველი ბერძნული სამყაროს გმირი იყო ადამიანი, რომელიც მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაეხადა იმ საქმისთვის, რომლის ერთგულებასაც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა.

სოკრატეს მაგალითზე ვხედავთ ადამიანს, რომელმაც ჭეშმარიტების ძიებაზე უარი არ თქვა მაშინაც კი, როცა ამისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა მოუხდა. ამის მაგალითია ლეგენდარული ბრძოლა, რომელშიც 300 სპარტელი — სპარსელთა უზარმაზარი ლაშქრის ალყაში მოქცეული და ძალთა უთანასწორობის წინაშე სრულიად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეომრები — საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობის მიუხედავად, სიკვდილამდე ბრძოლასამჯობინებდნენ, ვიდრე პოზიციები დაეთმოთ ან თავიანთი მოვალეობისთვის ეღალატათ. ამასვე ვხედავთ აქილევსის ეპიკურ მითში: მას არჩევანი შესთავაზეს — დაბრუნებულიყო სამშობლოში და ხანგრძლივი, მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა მან ტროასთან დარჩენა და მარადიული დიდების მოსაპოვებლად სიკვდილი არჩია.

სწორედ ამ თვისებებმა ჩამოაყალიბა დასავლური სამყაროს ზნეობრივი წარმოდგენები. ქრისტიანი მოწამიდან, რომელმაც რწმენის ღალატს სიკვდილი არჩია, პატრიოტამდე, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა; წმინდა თომას მორიდან ალამოს ბრძოლამდე — ამ ტრადიციას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის უკვდავი დასკვნითი სიტყვებიც: „ჩვენ ერთმანეთს აღვუთქვამთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ქონებასა და ჩვენს წმინდა ღირსებას.“

დასავლეთმა მოვალეობის გრძნობა სწორედ ძველი ბერძნებისგან მემკვიდრეობით მიიღო — ეს არის ურყევი ერთგულება საკუთარი პრინციპების, საქმისა და სამშობლოს მიმართ. დასავლეთის გმირები ისინი არიან, ვინც მოვალეობის ერთგული სწორედ მაშინ რჩებიან, როცა ამის გაკეთება ყველაზე რთული და მტკივნეულია: ადამიანი, რომელიც საკუთარ სიტყვას არ ღალატობს; ჯარისკაცი, რომელიც პოზიციას არ ტოვებს; კაპიტანი — ის კაპიტანი, რომლის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილ გამოთქმაშია ნათქვამი, რომ გემთან ერთად იძირება.

ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც დღესაც ვხედავთ, მაგალითად, ირანის რადიკალი მოლების მსგავსი ფანატიკოსების შემთხვევაში. მათი სიკვდილის კულტი ბავშვ თვითმკვლელ ტერორისტებს ეროვნულ გმირებად წარმოაჩენს, ხოლო მოწამეობას თვითმიზნად აქცევს.

ჩვენი გმირები — ჩვენი გმირები შეიძლება, მზად იყვნენ, თავიანთი საქმისთვის სიცოცხლე გაწირონ, მაგრამ ისინი სიკვდილს არ ეთაყვანებიან. სწორედ იმიტომ, რომ სიცოცხლეს ვაფასებთ, ვაცნობიერებთ იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც საკუთარი პრინციპების ღალატს სიცოცხლის გაწირვას ამჯობინებენ.

დღეს დასავლურ წარმოდგენებს გმირობის, ღირსებისა და მოვალეობის შესახებ თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად მივიჩნევთ. გვგონია, რომ ეს ღირებულებები ყველა ეპოქასა და ყველა საზოგადოებაში, ყველა ადამიანისთვის უნივერსალურია. სინამდვილეში ასე არ არის. ისინი განსაკუთრებული ხასიათისა და მსოფლმხედველობის შედეგია — იმ თავისებურებებისა, რომლებიც სწორედ აქ ჩამოყალიბდა და შემდგომი ცივილიზაციის მთელ ისტორიას დაედო საფუძვლად. დღეს კი ამ ცივილიზაციის დაცვა ისეთივე შემართებით გვმართებს, როგორითაც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.

პართენონის მშენებლებს ევროპის ქრისტიანული ცივილიზაციის არქიტექტორები მოჰყვნენ, რომლებმაც მილანის, კიოლნისა და ფლორენციის დიდებული ტაძრები აღმართეს. ადამიანის სხეულის სრულყოფილი ფორმის ძიებამ, რომელიც ძველ ბერძენ მოქანდაკეებს შთააგონებდა, ახალი გამოხატულება მიქელანჯელოს შემოქმედებაში ჰპოვა. ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სამყაროს მოწყობის კანონზომიერებების ძიების ტრადიცია კოპერნიკმა გააგრძელა, შემდეგ — გალილეომ, კეპლერმა და ნიუტონმა.

ახალი ცოდნის წყურვილმა განაპირობა მაგელანის პირველი ექსპედიცია დედამიწის გარშემო, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა და, საბოლოოდ, „აპოლო 11-ის“ მოგზაურობა მთვარეზე. ალექსანდრეს, რომელმაც იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო, მამოძრავებელი თვისებები მოგვიანებით კეისარში, შემდეგ კარლოს დიდსა და კორტესშიც გამოვლინდა.

ამერიკაში კი იმავე ტრადიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. უკიდეგანო, აუთვისებელი მიწა დასავლური წარმოსახვისა და ამბიციების ხელახალი აღორძინების ასპარეზად იქცა. ახალი ჰორიზონტებისკენ სწრაფვა, რომელიც ძველ ბერძნებს ახასიათებდათ, ამერიკაში საზღვრების გადალახვისა და ახალი მიწების ათვისების სულისკვეთებად ჩამოყალიბდა. ათენისა და რომის ცივილიზაციამ კი ახლად წარმოქმნილი, პატარა რესპუბლიკა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს მოიცავდა, კონტინენტურ იმპერიად აქცია.

ყოველი თაობის უდიდესი ამერიკელები თავიანთ წინაპართა განუმეორებელ თვისებებს ატარებდნენ. მათი ფესვები ათენში იყო, მათი მსოფლმხედველობა რომმა ჩამოაყალიბა, ისინი ქრისტიანულმა ცივილიზაციამ მონათლა, შუა საუკუნეების ევროპის მკაცრმა გამოცდილებამ გამოაწრთო, ინგლისელთა თავისუფლებისმოყვარე გენიამ აღჭურვა, შემდეგ კი ატლანტის ოკეანის გადაღმა, ახალი სამყაროს ნაპირებზე გადაიტანა, სადაც ეს მემკვიდრეობა ხელახლა დაიბადა.

ახლა ჩვენც ერთად უნდა დავუბრუნდეთ ამ სულისკვეთებას და ხელახლა აღმოვაჩინოთ იგი. ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით — ეს გარდამტეხი ეტაპია არამხოლოდ ჩემი ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციის ცხოვრებაში.

დღეს არსებული საფრთხეები ისეთივე რეალური და სერიოზულია, როგორიც ანტიკური ხანის დრამატულ სცენაზე იყო. საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნას ეროვნული ინტერესები არ გაუქრია. ომები არ შეწყვეტილა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობა ვისურვეთ. სხვა სახელმწიფოები კვლავ განაგრძობდნენ შეიარაღებას, გავლენის მოპოვებასა და კონკურენციას ტერიტორიების, ტექნოლოგიების, რესურსების, ბაზრების, ენერგიისა და ძალაუფლებისთვის.

ახლა კი ომი კვლავ დაბრუნდა. დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციაც განახლდა. კვლავ ვაწყდებით მოწყვლადობას, აგრესიას, ტერორიზმს — საფრთხეებისა და თავდასხმების მთელ ახალ სპექტრს.

ამიტომ აუცილებელია, განვაახლოთ ჩვენი ინსტიტუტები და ალიანსები, რათა ამ საფრთხეებს ერთობლივად გავუმკლავდეთ. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ მათი მიზანი ამ გაერთიანებებში შემავალი სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება კი არა, მისი დაცვაა, რათა სახელმწიფოებს არ სჭირდებოდეთ საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა საერთო ინტერესების აღიარებისთვის.

ამ თანამშრომლობის მოდელი ჩვენმა ბერძენმა პარტნიორებმა და ჩვენ ერთად უკვე შევქმენით. ეს გამოიხატება თავდაცვის სფეროში ჩვენს პარტნიორობაში, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობასა და საერთო მისწრაფებაში, დავიცვათ ევროპის საზღვრები მასობრივი მიგრაციით გამოწვეული საფრთხეებისგან.

ჩვენი მეგობრობა ჩემი ქვეყნის ისტორიის პირველივე წლებს უკავშირდება. როდესაც 1821 წელს საბერძნეთი ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ დამოუკიდებლობის აღსადგენად აღდგა, ამერიკელებმა ამ ბრძოლაში მათთვის ნაცნობი რამ დაინახეს. სამი წლის შემდეგ ამერიკის დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ, დენიელ ვებსტერმა, კონგრესში ცნობილი სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა ამერიკული რესპუბლიკის წარმომადგენელთა წინაშე საბერძნეთის რევოლუციის საკითხი დააყენა და მის მხარდაჭერას შეუწყო ხელი.

თავისი გამოსვლა მან დამსწრეთა ყურადღების მიპყრობით დაიწყო — მათ გარშემო არსებული ყველაფრისკენ მიუთითა. აი, რა თქვა მან:

„მმართველობის ეს თავისუფალი ფორმა, ეს სახალხო კრება... თავისუფალი დებატებისა და საჯარო განხილვის ეს პრაქტიკა, აზრთა შეჯიბრი... თვით შენობაც კი, რომელშიც ჩვენ ვიკრიბებით, მისი პროპორციული სვეტები და მორთული არქიტექტურა — ყველაფერი გვახსენებს, რომ საბერძნეთი არსებობდა და რომ ჩვენ, ისევე როგორც დანარჩენი კაცობრიობა, მის წინაშე დიდად დავალებულნი ვართ.“

ეს სიტყვები დღესაც ისეთივე ჭეშმარიტია, როგორიც მაშინ იყო, როცა ვებსტერმა ისინი წარმოთქვა. ყველამ — არამხოლოდ ამერიკელებმა, არამედ ევროპელებმა და დასავლეთში ჩვენმა მეგობრებმაც — ხელახლა უნდა შევისწავლოთ ის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწისა და მისი ისტორიისგან მიიღეს.

საბერძნეთის ისტორია მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტების ადრეული ფორმების სურათს კი არ გვთავაზობს — ის საკუთარი თავის დანახვის საშუალებას გვაძლევს. იგი გვახსენებს, რომ დიდი გმირების მემკვიდრეები ვართ და გვაქვს მიზეზი, ვიამაყოთ — განსაკუთრებულად ვიამაყოთ — იმით, საიდან მოვდივართ. აღტაცებით უნდა შევხედოთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწაზე შექმნეს. ჩვენი ცივილიზაციის ისტორია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ამბავია. და ეს ყველაფერი აქ, დასავლეთის პირველ წარმომადგენელ ქალებსა და კაცებთან დაიწყო. სწორედ მათგან შეგვიძლია, კვლავ ვისწავლოთ ის სათნოებები, გამბედაობა და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება.“

ცნობისთვის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მმართველობის ორივე ვადის განმავლობაში ცდილობდა, გაეტარებინა პოლიტიკა  — „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მან ტრადიციული მოკავშირეების თუ ხანგრძლივი სავაჭრო პარტნიორების მიმართ უფრო დაპირისპირებისკენ მიდრეკილი პოზიცია დაიკავა.

ექვსი თვის წინ ტრამპი კვლავ დაიმუქრა, რომ აშშ-ს NATO-ს ალიანსიდან გამოიყვანდა; ის ხშირად აკრიტიკებდა ორგანიზაციას და წევრ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში უფრო დიდი შენატანების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. საბერძნეთში რუბიოს ვიზიტი NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში მისი ტურნეს ნაწილი იყო, რომელიც ისლანდიასა და პორტუგალიაში ვიზიტებსაც მოიცავდა.