„კასპიის ხიდი“ — ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სატვირთო ტერმინალსა და საბორნე სისტემას შექმნიან

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალისა და ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის, სახელწოდებით „კასპიის ხიდის“ (Caspian Bridge), შექმნას გეგმავენ.


კერძოდ, გაფორმდა ეთანხმება, რომელიც „სამრუკ-ყაზინასა“ და AZCON-ის ჰოლდინგს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს — შეთანხმების მიზანი ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის — „კასპიის ხიდის“ შექმნაა. პროექტის მიზანი საკონტეინერო და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვის განვითარებაა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR). 


ამასთან, ყაზახური ფონდისა და სახელმწიფო საინვესტიციო ჰოლდინგ „სამრუკ-ყაზინას“ (Samruk-Kazyna) ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება „ყაზახეთის რკინიგზას“ (Kazakhstan Temir Zholy - KTZ) და სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზას“ (Azerbaijan Railways) შორის შეთანხმების ძირითად პირობებს (Term Sheet) ხელი მოეწერა.


15 ოქტომბერს, ბაქოში ყაზახეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტების გაცვლის ცერემონია გაიმართა, რაც „ყაზახეთის რკინიგზის“ (KTZ) შვილობილი კომპანიისთვის — KTZ Express Shipping LLP-ისთვის — ორი მრავალფუნქციური მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემის მშენებლობის პროექტს მიეძღვნა.

გემები ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში (Baku Shipyard) აშენდება. მოსალოდნელია, რომ ახალი გემები ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იმოძრავებენ.