პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. ეს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია საქართველოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად იქცა.
„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განუხრელ მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპთან მიმართებით. ჩვენ შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.
მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ. ეს შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად გავაღრმაოთ პარტნიორობა, მათ შორის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება. ასევე დაინტერესებული ვართ, თანამშრომლობა გავაღრმაოთ არაერთ სხვა სფეროში, ეს არის კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. მოხარული ვართ, რომ ამ დარგებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მუდმივად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებსა და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
6 ნოემბერს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ჩინური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, ჩინური ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის პოტენციალს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმას. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.
„სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას,“ - ამის შესახებ ხან ჭენგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერდნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ივნისში პრეზიდენტი სი ძინპინი და პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდნენ და გაკეთდა განცხადება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება. სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარების ინტერესებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნა ხან ჭენგმა.
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.