თბილისში სანაპიროზე გერმანული ჰოსიპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
პირმა, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინტერეპრესნიუსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.