საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიმართვას პასუხობს და აცხადებს, რომ ეკლესია ვაქცინის პროპაგანზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ვაქცინის ჩატარების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა და კომპეტენციაა.
„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - წერს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, 16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, რომ ექიმების გვერდით დადგნენ ვაქცინაციის პროცესში.