აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დუბლინში შეხვდნენ, სადაც ის ვიზიტით იმყოფებოდა. ტრამპის წარმომადგენლები დუბლინში 12 ნოემბერს საღამოს ჩავიდნენ მოსკოვიდან, სადაც მოლაპარაკება გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. უფრო ადრე, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
უიტკოფსა და კუშნერთან დუბლინში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება ტყვეთა დიდი გაცვლა. მხარეებს შორის ბოლო კონტაქტების კიდევ ერთ შედეგად უკრაინის პრეზიდენტმა ის დაასახელა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას ევროპელებიც მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა აშშ-ის წარმომადგენლების პირობას, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ჩართავენ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ევროპელებიც იქნებიან.
კიევი ყოველთვის ემხრობოდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას, რასაც ამ დრომდე მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა.
უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლების ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
12 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დუბლინში კონსულტაციები გამართეს მრჩევლებთანაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირიდან. ეს ჯარედ კუშნერმა დაწერა აბუ-დაბიში, მოსკოვსა და დუბლინში გამართული შეხვედრების შემაჯამებელ ტექსტში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ორივე მხარე დასთანხმდა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გაფართოებას და მასში ევროპელი პარტნიორების ჩართვას, რაც შესაძლებელს გახდის, განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების გაცილებით ფართო მექანიზმები უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებთან ერთად.
მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას უზარმაზარი შრომა დასჭირდა. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ორივე მხარის შეშფოთების მიზეზების გააზრების, შესაძლო გამოსავლის გზების გამოვლენისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის კუთხით. დასრულდა სამდღიანი ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საზარელი ომის დასრულება იყო.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, განვიხილოთ ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო მოწყობაც. საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულება მოითხოვს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს, კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმებსა და დეესკალაციის ორმხრივ ვალდებულებებს, რომლებიც მომავალი კონფლიქტის რისკს შეამცირებს.“
- პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმდნენ, რომ მასთან და მის გუნდთან მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ.
“ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებები საბოლოოდ არ გაფორმდება უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების გარეშე. პარალელურად დავიწყებთ ამ ურთიერთდაკავშირებული საკითხების განხილვას იმ გაგებით, რომ ჰუმანიტარული ზომების გარდა, არაფერი დასრულდება ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე.“
მიმდინარეობს მუშაობა ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე, რათა ათასობით ადამიანს საკუთარ ოჯახებთან დაბრუნების საშუალება მიეცეს.
“ვმუშაობთ იმაზე, რაც შესაძლოა, ომის მიმდინარეობის განმავლობაში ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა გახდეს, რაც ათასობით ადამიანს საშუალებას მისცემს, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ამ ომმა მრავალი ადამიანის ცხოვრება დაანგრია და ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე გამოიჩენს კეთილ ნებასა და სერიოზულობას, რაც ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის დასასრულებლად არის საჭირო,” - წერს კუშნერი.
მოლაპარაკებების მიმართულებები, განრიგი და დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი. მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მიღწეული პროგრესი იმედის მომცემია. მზად ვართ, გავწიოთ ყველა საჭირო დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც საჭიროა გარდამტეხი შედეგის მისაღწევად, რათა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები და შეიქმნას საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის, სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინისთვის, ასევე უფრო სტაბილური ევროპისთვის”, - წერს კუშნერი.“
ზელენსკის განცხადება
რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა: ტყვეების გაცვლა მოხდება.
„სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, სახლში ბრუნდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, წარმატებაა ოჯახებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან.“
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა ის ფაქტი, რომ შემდეგ ჯერზე ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებიან და ხმის უფლება ექნებათ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა ყველა ამ მომლაპარაკებლის მონაწილეობით უახლოეს მომავალში გაიმართება.