ბულგარეთი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის დაფინანსების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა დუბლინში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ბიუჯეტის დეფიციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი კიევს საბრძოლო მასალას ჯერჯერობით აღარც საკუთარი საწყობებიდან მიაწვდის.
პროგრამა PURL-ის დაფინანსების „დროებით“ შეწყვეტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები კიევისთვის აშშ-ში იარაღს ყიდულობენ, პარასკევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზებად ვარშავას დიდი ბიუჯეტის დეფიციტი და თავდაცვის მაღალი ხარჯები დაასახელა. „ჩვენ გავუწიეთ და ვაგრძელებთ უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარებას. თუმცა, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პოლონეთი დამატებით თანხებს არ ჩადებს, რადგან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია,“ - განმარტა ტუსკმა.
ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ილიანა იოტოვამ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფას.
ბულგარეთი აწარმოებს საბჭოთა ნიმუშის საბრძოლო მასალებს, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტოდორ ტაგარევი Financial Times-თან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინას პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, ბულგარული სამხედრო წარმოების შეიარაღების ნახევარზე მეტი მიეწოდება.
ბულგარეთის ხელისუფლება ასევე იძიებდა ქვეყანაში საბრძოლო მასალების საწყობებში გასულ წლებში მომხდარი აფეთქებების სერიაში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას. დამოუკიდებელი გამოძიებების მონაცემებმა აჩვენა, რომ საბოტაჟის ამ აქციებში, ისევე როგორც იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს მფლობელის, ემელიან გებრევის საწამლავ „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში, რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები 2026 წლის გაზაფხულზე დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, „ჩრდილოეთის“ სპეციალური ოპერაციების ცენტრისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების სახელობის საპატიო წოდება მიენიჭებინა.“ პოლონეთში უკრაინის მეამბოხეთა არმიას მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინში პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) მექანიზმის ამოქმედება 2025 წლის ივლისში გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის უსასყიდლოდ გადაცემაზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ივლისში პროგრამის ამოქმედებიდან მასში 29 ქვეყანა (NATO-ს 26 წევრი და 3 პარტნიორი, მათ შორის ავსტრალია და ახალი ზელანდია) ჩაერთო და სულ 6.7 მილიარდ დოლარამდე მობილიზდა. პროგრამის მთავარი დონორები არიან:
• ნორვეგია — 1.36 მილიარდი დოლარი;
• ნიდერლანდები — 1.163 მილიარდი დოლარი;
• გერმანია — 900 მილიონი დოლარი;
• კანადა — 834 მილიონი დოლარი;
• შვედეთი — 546 მილიონი დოლარი