გერმანიის ბუნდესტაგმა პარასკევს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ორ მთავარ სპეცსამსახურს — საგარეო დაზვერვის ფედერალურ სამსახურს (BND) და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურს (BfV) — დამატებით, ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. Deutsche Welle-ის ცნობით, ეს იქნება მათი უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი გაფართოება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედ წესებს ცვლის. კანონს ბუნდესტაგში 308-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 190 წინააღმდეგი იყო, 71-მა კი თავი შეიკავა.
აქამდე გერმანიის სპეცსამსახურები ძირითადად ინფორმაციის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი და უშუალო ოპერაციების ჩატარების უფლება შეზღუდული ჰქონდათ. ახალი კანონით კი მათ ე.წ. ოპერატიული მოქმედებების განხორციელებაც შეეძლებათ.
კერძოდ:
- კიბერშეტევები და დივერსიები: აგენტებს საზღვარგარეთ ჰაკერული თავდასხმებისა და დივერსიული ოპერაციების ჩატარება შეეძლებათ, თუ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.
- საცხოვრებელში ფარული შეღწევა: კონტრდაზვერვის სამსახურს (BfV) გარკვეულ შემთხვევებში ბინებში ფარულად შესვლის უფლება ექნება.
- მოწყობილობების გატეხვა: სპეცსამსახურებს დისტანციურად შეეძლებათ ეჭვმიტანილების ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებში შეღწევა, რათა დაშიფრულ მესენჯერებში არსებული მიმოწერა წაიკითხონ.
- ხელოვნური ინტელექტი: მათ დიდი მოცულობის მონაცემების გასაანალიზებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც შეეძლებათ.
- არასრულწლოვანი ინფორმატორები: გამონაკლის შემთხვევებში BfV-ს 16-17 წლის მოზარდების ინფორმატორებად გადაბირების უფლება ექნება.
- მონაცემების შენახვა: BND-ს საზღვარგარეთ მოპოვებული და გადაჭერილი მონაცემების უფრო ხანგრძლივად შენახვა შეეძლება.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, ეს უფლებამოსილებები აუცილებელია დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედ ძალებთან საბრძოლველად. მისი თქმით, გერმანიას განსაკუთრებით რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჯაშუშური საქმიანობის გააქტიურების ფონზე სპეცსამსახურების გაძლიერება სჭირდება. მინისტრმა კანონპროექტს მანამდე „საუკუნის რეფორმაც“ უწოდა.
თუმცა ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავს. მემარცხენე პარტიის დეპუტატმა კლარა ბიუნგერმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურებისთვის ასეთი უფლებების მინიჭება „გერმანიაში ახალი საიდუმლო პოლიციის შექმნას“ უტოლდება.
მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტი
1949 წელს დასავლეთ გერმანიაში პოლიციისა და სპეცსამსახურების უფლებამოსილებები მკაცრად გაიმიჯნა. ამის მიზანი იყო ნაცისტური გესტაპოსა და აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის — „შტაზის“ მსგავსი სისტემის ხელახლა შექმნის თავიდან აცილება. ახალი რეფორმა ამ პრინციპს ასუსტებს.
თუმცა სპეცსამსახურებს გარკვეული შეზღუდვები კვლავ ექნებათ: მათ არ ექნებათ ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაციის, ღია ჩხრეკისა და დაკავების უფლება — ეს უფლებამოსილებები კვლავ მხოლოდ პოლიციას დარჩება. ამასთან, მათი საქმიანობის ზედამხედველობა სპეციალურად გაფართოებულ დამოუკიდებელ საკონტროლო საბჭოს დაევალება.
Euronews-ის ცნობით, რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოწინააღმდეგეებისთვის შეკავების მექანიზმის შექმნაა. BND-ის ხელმძღვანელის, მარტინ იეგერის განცხადებით, გერმანიამ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს უნდა აჩვენოს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი მოქმედებების განხორციელება თავადაც შეუძლია.
სექტემბრის დასაწყისში გერმანიამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ლაიფციგის აეროპორტის საბოტაჟის მცდელობაში. იქ ერთი თვით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.