ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელ არაპროგნოზირებად და დიდი სახელმწიფოების კონკურენციის სამყაროში, ევროკავშირის გაფართოება არამხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური არჩევანია. ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპა არა „საშუალო“, არამედ „დიდი ძალაა“, რომელმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ თავდაცვის სფერო გააძლიერა და ერთიან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცა. მან მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს და კანდიდატებს, იაზროვნონ მასშტაბურად.
„გაფართოება არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ტექნიკურ პროცესად. ეს არის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. დიახ, ძალა ზომაშია. რაც უფრო დიდია ევროკავშირი, მით მეტი გლობალური გავლენის პროეცირება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ ევროკავშირი, ვთქვათ, 2040 წელს ორმოცი წევრი სახელმწიფოთი, რაც მსოფლიოს ქვეყნების ოცი პროცენტია. აი, ეს არის ძალა,“ – განაცხადა სტუბმა.
მისი განცხადებით, კანდიდატ ქვეყნებს სრულ წევრობამდეც უნდა ჰქონდეთ წვდომა ერთიანი ბაზრის ნაწილებზე, ევროკავშირის პროგრამებსა და სამიტებზე, რაც არა სრული წევრობის შემცვლელი, არამედ მისი დამაჩქარებელი იქნება.
მან მხარი დაუჭირა ნორვეგიასთან, ისლანდიასა და კანადასთან ასოცირებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი, ამბიციური ფორმების შექმნას.
„ევროპამ გაიღვიძა. ევროპა ხელახლა იარაღდება. ევროპა გეოპოლიტიკურ აქტორად იქცა. ჩვენ გვჭირდება ხედვა და თავდაჯერებულობა, რომელიც ამ რეალობას შეესაბამება. მოვუწოდებ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისე კანდიდატ ქვეყნებს, იაზროვნეთ მასშტაბურად, “ – განაცხადა ალექსანდერ სტუბმა.