ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა - ვინ მოხვდა სასანქციო სიაში

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.


ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა. სანქციების გაფართოებულ სიაში 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა.


„რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებითა და გაფართოებით, ევროკავშირი იმ ფინანსური არხების წვდომის შესაძლებლობას წყვეტს, რომლებიც სახელმწიფო შემოსავლებს ამუშავებენ და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აფინანსებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.


დასანქცირებულთა ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის ინტერნეტ-ვაჭრობის სფეროს გიგანტი Wildberries-ის ერთადერთი აქციონერი - ტატიანა კიმი და აგრეთვე კომპანია Ozon-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ალექსანდერ ჩაჩავა.


ევროკავშირის ახალი სანქციები შეეხო რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორებს, მათ შორის, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ კომპანიებს.


ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 30 პირსა და ორ ორგანიზაციას, რომლებიც უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებასა და კიბერშეტევებში მონაწილეობენ.


სანქციების სიაში მოხვდა პრორუსული ჰაკერული დაჯგუფება NoName057(16), რომელიც სახელმწიფო ორგანოებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და კერძო კომპანიებზე კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობას იღებს. საბჭო ასანქცირებს აგრეთვე რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებსა და ამ ბიზნესების მფლობელებს, ინდივიდუალურად. მათ შორისაა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალისა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მმართველი კომპანიები.