ფიდანი ბრიუსელში: თურქეთი კავკასიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო კავშირის დამაკავშირებელი მთავარი რგოლია

თურქეთი, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის კუთხით, წარმოადგენს მნიშვნელოვან კვანძს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, შავი ზღვის რეგიონს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.


„თურქეთის ცენტრალურ როლს, უდაოდ, ყველა აფასებს. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ როლის შესაბამისი პასუხისმგებლობა — როგორც გადაწყვეტილებების შეთავაზებით, ისე მაგალითის მიცემით,“ — განაცხადა ფიდანმა ბრიუსელში გამართული „რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის“ საკითხებზე მიძღვნილ მინისტერიალზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში შედგა.


ფიდანმა ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას როგორც განხილული თემებისა და მიღებული შედეგების, ისე იმ აუცილებლობის კუთხით, რომ არამხოლოდ შემუშავდეს სტრატეგიები დაკავშირებადობის საკითხებთან დაკავშირებით, არამედ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.


თურქი დიპლომატის თქმით, შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ამ რეგიონებში და მათ მიღმა საკომუნიკაციო სისტემების დანერგვა, ასევე — ვაჭრობის, ენერგეტიკისა და მონაცემთა გადაცემის პროცესების უფრო ეფექტიანად და შეუფერხებლად წარმართვა.


ფიდანის განცხადებით, დისკუსიების ფოკუსში იყო სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხი, ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში, ისევე როგორც შავ ზღვაში, ომებისა და კრიზისების შედეგად წარმოქმნილი პრობლემებიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს ცენტრალური ადგილი უკავია „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) მარშრუტზე, რომელიც ევროპას, შავი ზღვის რეგიონს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.