მაკრონი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი 2022 წლის დასაწყისში, „სრულიად განსხვავებულ“ კონტექსტში, გვერდზე გადაიდო. მან მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის „ხელახლა განხილვას“ და, ამავდროულად, კიევის მოკავშირეებს მოუწოდა, გააკეთონ „მაქსიმუმი“ მისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად.


„ვფიქრობ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ“ - განაცხადა მაკრონმა


როგორც მან ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ახლა შესაფერისი მომენტია.


„უკრაინა ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა იქნება, მრავალრიცხოვანი არმიით. ჩვენი ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის მისი ნატო-ში ყოფნა მიზანშეწონილია,“ - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მშვიდობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს.


„თუმცა, შეთანხმებულია, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ სწორი ფორმატი უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპაა. გვესმის, რომ მომავალი კვირები უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.