„შუა დერეფანს“ სრული დატვირთვით ამუშავებისთვის 18,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია სჭირდება - კვლევა

ანალიტიკური სააგენტო UkrAgroConsult-ის ცნობით, „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) სრული დატვირთვით ამუშავებას 18,5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია დასჭირდება. შესაბამისი მონაცემები მან როტერდამში გამართულ „4S Business Summit“-ის შემდეგ გამოქვეყნებულ მასალებში გაასაჯაროვა.


ნიდერლანდებში დაფუძნებული წამყვანი დამოუკიდებელი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Panteia-ს მონაცემებით, იშვიათ მიწათა ელემენტების გადამუშავების გლობალური სიმძლავრეების დაახლოებით 92%, ისევე როგორც ბატარეებისთვის განკუთვნილი გრაფიტის წარმოების 92%, ჩინეთზე მოდის.


ამ ფონზე, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ — იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) — განვითარებას ანიჭებს პრიორიტეტს.

მარშრუტის სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძე 4 256 კმ-ია, ხოლო კასპიის ზღვის გავლით გამავალი საზღვაო მონაკვეთი 508 კმ-ს შეადგენს.


ამჟამად დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 3,3 მილიონ ტონას შეადგენს. Panteia-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 11 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება და მარშრუტის მართვის სისტემის გაუმჯობესება.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, საჭირო ინვესტიციების ჯამური მოცულობა 18,5 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 10 მილიარდი ევრო შესაძლოა, ევროკავშირის პროგრამა „Global Gateway“-ს (გლობალური კარიბჭე) ფარგლებში გამოიყოს.

ექსპერტების აზრით, ალტერნატიული მარშრუტების კონკურენტუნარიანობის განსაზღვრისას გადამწყვეტი ფაქტორი იქნება არა სიჩქარე, არამედ მიწოდების საიმედოობა.


მაგალითად, ევროპის „რაინ-დუნაის“ სარკინიგზო სატვირთო დერეფანში, 2025 წელს მონიტორინგს დაქვემდებარებული მატარებლების მხოლოდ 31%-მა მიაღწია დანიშნულების ადგილს მაქსიმუმ 30-წუთიანი დაგვიანებით. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 42% იყო. ამასთან, მარშრუტის მხოლოდ 29% აკმაყოფილებს 740 მეტრი სიგრძის მატარებლებისთვის დადგენილ სტანდარტს.


დუნაი-ბალკანეთის რეგიონში გამტარუნარიანობის შეზღუდვები კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. 2026 წლის 13 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გამართული სარკინიგზო სატვირთო დერეფნის შეხვედრის შემდეგ, დარგის წარმომადგენლებმა 2027 წელს მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ გააფრთხილეს მხარეები. შეფერხებები სერბეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართულებით დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.


ალტერნატიული მარშრუტების გამოყენების შემთხვევაში, კერძოდ, „ჯურჯუ-რუსეს“, „კალაფატ-ვიდინისა“ და „ნეგრუ ვოდა-კარდამის“ სასაზღვრო გადასასვლელებით გადაადგილებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს დიზელის ლოკომოტივების გამოყენება, დამატებითი წევის ძალის უზრუნველყოფა ან უფრო მოკლე და მსუბუქი მატარებლების ფორმირება.


შესაბამისად, Panteia-ს ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, ტვირთის მიწოდების დროის გაანგარიშებისას, მინიმალურ სავარაუდო ხანგრძლივობაზე დაყრდნობის ნაცვლად, გამოყენებული იყოს ტრანზიტის დროის უფრო ფართო დიაპაზონი, კერძოდ კი — P90 მაჩვენებელი.


ამის პარალელურად, კომპანია Akdoğan Train Cargo 2028 წლის იანვარში თურქეთსა და ევროპას შორის ინტერმოდალური გადაზიდვების სერვისის ამოქმედებას გეგმავს. ინფრასტრუქტურული შეზღუდვები ასევე შეინიშნება დუნაის გასწვრივ და შავი ზღვის პორტებში.


რუმინეთის კონსტანცის პორტში მოქმედი ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ მარცვლეულის გადაზიდვებში გამოკვეთილ სეზონურობას, სარკინიგზო მისადგომი გზების დეფიციტსა და პორტამდე ტვირთის მიწოდებაში საავტომობილო ტრანსპორტის დომინირებას.


აღნიშნული ფაქტორები მოსავლის აღების პერიოდში რეგულარულად იწვევს გადატვირთულობას. თავის მხრივ, დუნაიზე საზღვაო გადაზიდვების ოპერატორები ყურადღებას ამახვილებენ წყლის დონის არასტაბილურობით გამოწვეულ რისკებზე, რაც ნაოსნობაზე ახდენს გავლენას.


ერთიანი სატრანსპორტო ჯაჭვის ჩამოყალიბების მიზნით, Panteia გამოვიდა წინადადებით, როტერდამისა და კონსტანცის პორტებს შორის კოორდინაცია გაღრმავდეს: კონსტანცა შეასრულებდა ტვირთის შემოსვლის წერტილის ფუნქციას, ხოლო როტერდამი — ნედლეულის გადამუშავებისა და მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურების ცენტრის როლს.

კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სასაზღვრო გადასასვლელების, საპორტო ტერმინალებისა და სარკინიგზო ლიანდაგის სიგანის შეცვლის პუნქტების მოდერნიზაციას; სწორედ ამ ადგილებში წარმოქმნილი შეფერხებები ზრდის სატრანსპორტო საშუალებების მოცდენის (დემურაჟის), ტვირთის შენახვისა და მიწოდების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.


სატრანსპორტო მომსახურების კომერციული ეფექტიანობა ასევე პირდაპირ არის დამოკიდებული საპირისპირო მიმართულებით გადასაზიდი ტვირთების (ე.წ. „უკუ ტვირთების“) უზრუნველყოფაზე.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR) გავლით გადაზიდული ტვირთის მოცულობა შეადგენდა: 2019 წელს — 759 000 ტონას, 2020 წელს — 783 000 ტონას, 2021 წელს — 586 000 ტონას, 2022 წელს — 1,485 მილიონ ტონას, 2023 წელს — 2,764 მილიონ ტონას, ხოლო 2024 წელს — 4,484 მილიონ ტონას.


თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის ინფორმაციით, „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2025 წელს 4,7 მილიონ ტონას მიაღწია; მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ 10%-ით გაიზრდება. 2027 წლისთვის დერეფნის წლიურმა გამტარუნარიანობამ შესაძლოა, 10 მილიონ ტონას მიაღწიოს.


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გავლით ტვირთების გადაზიდვის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წლისთვის 11,4 მილიონი ტონით განისაზღვრა. მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად, 2040 წლისთვის აღნიშნული მარშრუტის გავლით გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობამ შესაძლოა, 32,1 მილიონ ტონას მიაღწიოს.