იტალიურ კომპანიებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ აზერბაიჯანში „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქვეყნის მრეწველობის მოდერნიზებაში; ამასთან, იტალიის მრეწველთა კონფედერაცია (Confindustria) მზადაა, კოორდინაცია გაუწიოს მათ ძალისხმევას კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. ამის შესახებ ბაქოში, აზერბაიჯან-იტალიის ბიზნეს ფორუმზე ფაუსტო მაცალიმ, მცირე სამრეწველო საწარმოების საკითხებში Confindustria-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
კერძოდ, იტალიურ კომპანიებს შეუძლიათ, საინჟინრო გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროების გაციფრულებაში ხელშეწყობა.
მაცალიმ თანამშრომლობის კიდევ ერთ სფეროდ მეტალურგია და კრიტიკული ნედლეულის გადამუშავება დაასახელა. მისი თქმით, იტალიური კომპანიების ჩართულობა ხელს შეუწყობს აზერბაიჯანში საწარმოო ჯაჭვების შექმნას — მინერალური რესურსების მოპოვებიდან დაწყებული, მასალების გადამუშავებით დამთავრებული. ეს გაზრდის ადგილობრივი წარმოების ეფექტიანობას და მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, შექმნან უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქცია.