ერდოღანი: ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშის ფრიალი თურქეთისთვის სიამაყის წყაროა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართვაში, რომელიც მან იგდირში გამართული კავკასიის საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ შუშაში, ფუზულისა და ლაჩინში აზერბაიჯანის დროშის ფრიალი თურქეთისთვისაც სიამაყის წყაროა.


ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა არამხოლოდ უზრუნველყოფს შეუფერხებელ კავშირს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც შესძენს თურქეთსა და თურქულ სამყაროს შორის ურთიერთობების განვითარებას.


„ისტორიის განმავლობაში თურქეთი იზიარებდა კავკასიის რეგიონის როგორც მწუხარებას, ისე სიხარულს. ჩვენი საერთო ისტორიიდან გაკვეთილის მიღებით, გვსურს მომავალ თაობებს გადავცეთ რეგიონი, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა სუფევს,“ — აღნიშნა ერდოღანმა.


თურქეთის ლიდერის თქმით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ კონცეფციაზე დაფუძნებული შუშის დეკლარაციის ხელმოწერამ შესაძლებელი გახადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ალიანსის დონემდე ამაღლება.