ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ

26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრა გამართა.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ „ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.“


„მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. შეხვედრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას,“ - წერს საგარეო უწყება.


ევროკავშირის წარმომადგენლობას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


შეგახსენებთ, 26 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 441 დეპუატატმა დაუჭირა, 47 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.


რეზოლუციის ავტორები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც 71 წლის საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა 2026 წლის მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


რეზოლუციის მიიღებას წინ უძღვოდა 25 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაართული დებატები.