ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.


რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ.“


ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოითხოვს როგორც მათი, ისე ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.“


ევროპარლამენტი აღნიშნული რეზოლუციით „კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი სახის პროგრესისთვის აუცილებელია.“

ევროპარლამენტარები „სინანულს გამოთქვამენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ შეძლეს.“


ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ევროპარლამენტარების განცხადებებს „ფასი არ აქვს.“

„ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა,“ - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, „ევროპარლამენტი აბსურდშია შესული.“

რეზოლუციის პროექტს კენჭი ევროპარლამენტში დღეს უყარეს.