25 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, რუსეთის წარმომადგენელთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მან იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ მოსკოვი არ არის მზად, ქართულ ღვინოზე შეზღუდვები მოხსნას. ამასთანავე, განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ წამოჭრილი საკითხები „ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული.“ კერძოდ, რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, თუმცა აძლიერებს ყალბ პროპაგანდას, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული - პრემიერის სპეწარმომადგენლის თქმით, „ეს მიმართულია იმისკენ, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.“
„მაგალითისთვის, გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.
ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ... რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას.
მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არამხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას,“ - აცხადებს ქართველი დიპლომატი.
ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ მოლოდინი ჰქონდა, სანქციები მოიხსნებოდა, მაგრამ „გალუზინმა მას „აცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას“ აპირებენ: „ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია,“ - ამბობს ზურაბაშვილი.
„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.
რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია,“ - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგი აუცილებელია საქართველოს გაერთიანებისა და ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებისთვის.
„მე გეტყვით, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია გაგრძელდეს ეს დიალოგი, ძალიან გულახდილი, რათა ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, რომ მივაღწიოთ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას, მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას.“
„ამის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება რომ წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას, ერთიან, ძლიერ საქართველოს,“ - აცხადებს ზურაბაშვილი.
განახლებული დიალოგის მანდატის შესახებ კითხვას ზურაბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთს ათწლეულების განმავლობაში „ძალიან რთული ურთიერთობები“ ჰქონდათ, რაც განპირობებულია „იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და დეოკუპაცია.“
„ზუსტად ამ პრობლემების გამო და ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, საჭიროა ამაზე მსჯელობა, საჭიროა შეხვედრები, რომ ვიპოვოთ საერთო გზები თუ როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები,“ – განაცხადა ზურაბაშვილმა.
„დიალოგი უნდა გაგრძელდეს. დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩეთ მაინც მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეც.წარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის და ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
ბატონმა, სპეციალურმა წარმომადგენელმა [გიორგი ზურაბაშვილი] გამოყო სამი კატეგორიის საკითხი: ერთი, გავშალე, ეს იყო ღვინოს დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები. ამაზეც გააკეთა განმარტებები ბატონმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ.,“ - განაცხადა თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხსენებული საკითხის შეფასებისას.
რაც შეეხება სანქციებს, ირაკლი კობახიძის თქმით, „აბსურდულია საბაბი“, რითაც ღვინის 7 კომპანია შეიყვანეს სანქციების სიაში: „უარგუმენტოდ საუბარს მიჩვეული ვართ ევროპელი ბიუროკრატებიდან და იმავე ტენდენციას ვხედავთ - იმედია, ყველაფერს გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლებაში“, - ამბობს ირაკლი კობახაიძე. მან „მოუწოდა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, ქართული კომპანიების სასანქციო სიაში შეყვანით დაინტერესდნენ“ - მალე გაირკვევა, ამაში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა.“
„ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან მარტივად ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება ორი კომპანია დაემატოს ამ სიას, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია,“ - განუცხადა მან დღეს მედიას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს.
მისი თქმით, „მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.“
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის და ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არაფერ კავშირშია.
ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ „არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ ეწინააღმდეგება არაღიარების პრინციპს.“
„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.
აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ფორმატი არ შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.
მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა: "მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა."
გალუზინისა და ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები რომ შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს, ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა 25 ნოემბერს ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია შინაარსიანი მოლაპარაკებების გამო, რაზეც ინფორმაცია ქართული და რუსული მხარისგან მიიღო. ასევე, რიჟენკოვი ახსენებს "პროგრესს", რომელმაც, მისი თქმით, "შესაძლებელი გახადა" მოლაპარაკებების უკვე დედაქალაქებში გადატანა.
„რადგან არაფერი არ არის უფრო კარგი და, სიმართლე გითხრათ, სანდო, ვიდრე დედაქალაქებში მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონემდე მიდიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და პრობლემების განხილვა, რომლებიც აღელვებთ,” - განაცხადა რიჟენკოვმა.