საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვაქცინაცია შეჩერდეს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ AstraZeneca მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნას AstraZeneca მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხელბლად გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მომხდარი ფაქტის გამო, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი ჯანდაცვის უწყებაში შეიკრიბა, რათა მიეღოთ გადაწყვეტილებ ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.