„ის რომ, „ნაციონალურ მოძრაობა“ გავლენას ახდენს დანარჩენ ოპოზიციაზე, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ძალა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა. ოპოზიციას თუ რამის იმედი აქვს, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია“, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართულ მოლაპარაკებებზე.
ექსპერტის თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საკუთარი თავი და თავისი მხარდამჭერები ქუჩაში დააყენეს, ჩამოკიდებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან რისი იმედიც მათ აქვთ - ხალხის ქუჩაში გამოყვანის, "ნაციონალური მოძრაობის გარეშე, მხოლოდ თვითონ ვერ შეძლებენ.
შარაშენიძე ასევე არ გამორიცხავს, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ფარული ჩანაწერების გავრცელება, ამ პოლიტიკურ ძალის ინტერესი ყოფილიყო, მოლაპარაკებების ჩასაშლელად.
„ამ მოლაპარკებებში, ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგებოდა, იმ მოთხოვნების და წითელი ხაზების დაწესების ფონზე, რომლებიც ძირითადად მაინც ოპოზიციიდან მოდიოდა.დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისთანავე დააყენა, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც 2009 წელს, როცა ოპოზიციის დიდი აქციები დაიწყო, მთავრობის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. მერე, როცა დაინახეს, რომ მთავრობა არ მიდიოდა და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, აქციების დასრულება გაუჭირდათ, რადგან თვითონაც აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა ეს ოპოზიცია, რეალურად თავიდანვე ეს იყო მათი სერიოზული შეცდომა. მათ მანევრირების შესაძლებლობა მოიჭრეს. დაიტოვეს მარტო ერთი - რადიკალური გზა. ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მათ გარკვეულწილად უშველა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ეს დაპირისპირება მოეგოთ. როგორც ვხედავ, საბოლოო ჯამში, კომპრომისი და პოზიციების დაახლოება თითქმის შეუძლებელია.
ორივე მხარე ჯიუტობს. ოპოზიცია აქამდე ახერხებდა, დასავლეთი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, მაშინაც კი, როცა არ იყო მართალი, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს, რადგან ეს არ არის ასე მარტივი. ოპოზიციაც აშავებს აშკარად. ფაქტია, ხელისუფლებამ დასავლეთიც დაარწმუნა ამაში, რომ „ჩვენ ნაკლებად დამნაშავეები ვართ ვიდრე ოპოზიცია“.. როგორც ჩანს მოახერხეს დასავლეთის ამაში დარწმუნება. არგუმენტები მაქსიმალურად გამოიყენეს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.